Tuesday, April 20, 2021

„იაგუარ I-პეის ბლექ“ - კიდევ უფრო გამორჩეული

„იაგუარმა“ თავისი პირველი სერიული ელექტრომობილი, ქროსოვერი „იაგუარ I-პეისი“ განაახლა და მისი ოჯახი ახალი წევრით, „I-პეის ბლექით“ შეავსო. ახალი ავტომობილი მოდელ HSE-ზეა ბაზირებული და სტანდარტულ ეკიპირებაში დაკომპლექტებულია ისეთი დეტალებუთ და ფუნქციებით, რომლებიც S, SE, და HSE ვერსიებისთვის, მხოლოდ ოპციურ შეთავაზებებშია.

მათ შორისაა პაკეტი „ბლექ პაკ“, რომელშიც შედის პრიალა შავი სარკეების კორპუსები, რადიატორის ცხაური, მისი არშია, გვერდითა სარკეების არშიები და უკანა ემბლემები. სხვა სიახლეებია პრიალა შავ ფერში შესრულებული 20-დუიმიანი, ხუთწკირიანი ბორბლები, პანორამული ჭერი, ასევე სალონის უკანა ნაწილის ფანჯრების ეგრეთ წოდებული კონფიდენციური (დაბურული) შუშები.

„I-პეისის დრამატული პროფილი წინ წაწეული კაბინით, მოკლე გამონაშვერები და დაკუნთული ფორმები, მას ისეთ ისეთ დრამატულ იერს ანიჭებს, რასაც სხვა SUV-ებში ვერ ნახავთ. ექსკლუზიურ I-პეის ბლექ-ზე მუშაობისას, ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ოდნავ გაგვეუმჯობესებინა დიზაინი და ის უფრო დინამიური, გამორჩეული და სასურველი გაგვეხადა“, - ამბობს „იაგუარის“ დიზაინის დირექტორი ჯულიან თომსონი.

სხვა ყველა მოდლის მსგავსად, „I-პეის ბლექ“ ეკიპირებულია არაერთი ისეთი ტექნოლოგიით, რომლებიც მგზავრობას აადვილებს და სასიამოვნოს ხდის. ასეთია ინფოტაინმენტ სისტემა „პივი პრო“, რომელიც მანამ გაემზადება, სანამ თქვენ ავტომობილში ჩაჯდებით. ის ისეთივე ინტუიციურია, როგორც თქვენი სმარტფონი. ნავიგაციის სისტემა წინასწარ გაცნობებთ, ახლო-მახლო არის თუ არა დასამუხტი სადგური და ის დაკავებულია, თუ თავისუფალი, რა ტიპის კაბელებია სადგურზე და რა დრო დასჭირდება ელემენტების დამუხტვას.

ფერების არჩევანში ყველა ის ფერი შევიდა, რომლებიც სტანდარტულ მოდელებზეა ხელმისაწვდომი. მათ შორისაა მარგალიტისებრი შავი არუბა და ფარალონი. სპორტული სავარძლები შავი ებონის ტყავით არის გაწყობილი. დტალები პრიალა შავ ფერშია შესრულებული.

„I-პეის ბლექ“ აღჭურვილია წყვილი ძრავით, რომლებიც ერთად 394 ცხენის ძალას და 696 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ელექტრომობილმა ადგილიდან 96 კმ/სთ სიჩქარეს 4.5 წამში მიაღწიოს. 90 კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკი სრულად 12.75 საათში იმუხტება, თუ 7-კილოვატიანი სისტემით მუხტავთ. ეს დრო 8.6 საათამდე შემცირდება, თუ 11-კილოვატიან სისტემას გამოიყენებთ. 100-კილოვატიანი სისტემით დამუხტვისას, ელემენტების ბლოკი 15 წუთში იმდენ ენერგიას მიიღებს, რაც 127 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი.

No comments:

Post a Comment