სანამ ავტომწარმოებლები კუპეს სტილში შესრულებული
ქროსოვერების და უგზოობის ორკარიანი ავტომობილების წარმოებას დაიწყებდნენ, „ლენდ
როვერი“ იყო პირველი, რომელმაც მყიდველს ორკარიანი „რეინჯ როვერი“ შესთავაზა. ეს
1970 წელს იყო, რითაც უგზოობის მდიდრული ავტომობილების კლასს ჩაეყარა საფუძველი. წელს
კი ბრიტანულმა კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი - „რეინჯ როვერ SV კუპე“ შემოგვთავაზა.
ავტომობილი, რომელიც სწორედ პირველი „რეინჯ როვერის“
თანამედროვე გამოძახილია, ავტო სამყაროს წინაშე პირველად ჟენევის მოტორ შოუზე
წარსდგა. ისევე როგორც დასაწყისში, ამ ავტომობილზეც აქცენტი მდიდრულობაზეა
გაკეთებული, რომელიც ამ მარკის მოდელებისთვის დამახასიათებელ, უბადლო
გამავლობასთან არის შეხამებული. გარეგნულად ის ძალიან ჰგავს განახლებულ „რეინჯს“,
რომლის პრემიერაც გასულ ოქტომბერში შედგა.
თუმცა განსხვავებაც ბევრია. პირველ რიგში, კარების
რიცხვი ორით შემცირდა. გარდა ამისა, საქარე შუშა უფრო მეტად არის დახრილი, რითაც
ავტომობილის სპორტულობას უსვამს ხაზს და რაც მთავარია, შემხვედრი ჰაერის ნაკადს ნაკლებ
წინააღმდეგობას უქმნის. უკნისკენ დახრილია სახურავი. გარდა ამისა, ავტომობილს წინა
ბორბლების უკან, ჰაერის გამომშვების განსხვავებული ჭრილები აქვს. შემცირდა
კლირენსი.
ინტერიერი „რეინჯისთვის“ შესაფერისად, მდიდრულია.
ის ძვირფასი ტყავით და ზითაა გაწყობილი, რომლებსაც მეტალის დტალები შეუხამეს.
საერთო ჯამში, ინტერიერიც სტანდარტული ოთხკარიანი მოდელისას ჰგავს. ოღონდ,
განსხვავება ისაა, რომ უკანა სავარძლები ცენტრალური კონსოლით არის გაყოფილი. უკან
ჭერი შედარებით დაბალია, თუმცა ორივე სავარძელს საკუთარი კონდიცირების სისტემა და
კომფორტის უამრავი საშუალება ემსახურება.
„რეინჯ როვერის“ ისტორიაში, ორკარიანი „SV კუპე“
ყველაზე სწრაფი ავტომობილია. ის 5.0-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V8 ძრავითაა
აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 565 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 700 ნიუტონმეტრი.
ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის
დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 5.3 წამი ჰყოფნის,
მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 266 კილომეტრია.
No comments:
Post a Comment