Sunday, July 29, 2018

„იაგუარის“ ისტორია


„იაგუარი“ იმ ბრენდთაგანია, რომლებითაც ბრიტანეთი საფუძვლიანად ამაყობს. სხვა თუ არაფერი, ბრიტანულ კომპანიათა შორის, მას ყველაზე მეტჯერ (შვიდჯერ) აქვს მოგებული ლე მანის 24-საათიანი რბოლა. გარდა ამისა, არაერთი ისეთი ავტომობილი აქვს შექმნილი, რომლებზეც დღეს კოლექციონერები ნადირობენ და მილიონებს იხდიან. მთლიანობაში, იაგუარი არის პრესტიჟი, სისწრაფე, სპორტი, კომფორტი, დახვეწილი გემოვნება, უახლესი ტექნოლოგიები და უამრავი სხვა რამ, რაც მის პრემიუმ წარმოშობას განაპირობებს. და რა თქმა უნდა, კომპანია ფლობს დედოფალ ელიზაბეთ მეორის და პრინც ჩარლზის სამეფო ორდერებს.

„იაგუარი“ დღეს „ლენდ როვერთან“ არის გაერთიანებული და ორივე ერთად, ინდური „ტატა მოტორსის“ ჯგუფის წევრია (2013 წლის 1 იანვრიდან). სწორედ ამ უკანასკნელის ხელში გადასვლის შემდეგ, დაიწყო ორივეს ახალი ცხოვრება. „იაგუარი“ სწრაფი ტემპით იბრუნებს პრესტიჟს და ზრდის გაყიდვებს. რაც მთავარია, სულ უფრო ზრდის საწარმოო პროგრამას, რომელიც უკვე უგზოობის მოდელებსა და ელექტრულ ქროსოვერსაც კი მოიცავს.

მოკლე ისტორია
„იაგუარის“ ისტორია 1922 წელს დაიწყო და მაშინ მისი სახელი იყო „სვალოუ საიდქარ კომპანი“. თავიდან ის მოტოციკლის გვერდით მისაბმელი ეტლების წარმოებით იყო დაკავებული. მოგვიანებით კი ავტომობილების ძარების წარმოებაც დაიწყო. კომპანია „S.S. ქარზის“ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, „სვალოუმ“ (მერცხალი) „სტანდარდ მოტორთან“ ერთად, ავტომობილების წარმოებასაც მიჰყო ხელი. მათი ავტომობილების უმეტესობის სახელად, „იაგუარი“ შეირჩა...
სედანი SS
„S.S. ქარზმა“ 1945 წელს სახელი შეიცვალა და მას „იაგუარ ქარზი“ დაერქვა. 1966 წელს „იაგუარი“ კომპანია „ბრიტიშ მოტორის“ ნაწილი გახდა, რომელიც ორ წელიწადში „ლეილანდ მოტორთან“ გაერთიანდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს „ბრიტიშ ლეილანდი“ ეწოდა. 1975 წელს ეს კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
SS იაგუარ 100
„ბრიტიშ ლეილანდის“ ნაციონალიზაციის შემდეგ, მისგან „იაგუარ ქარზი“ გამოყვეს და მას თავისუფლება მიანიჭეს. დამოუკიდებელმა კომპანიამ აქციონირება ჩაატარა და 1984 წელს მისი აქციების გაყიდვა ლონდონის სააქციო ბირჟაზე დაიწყო. იმავდროულად, ის FTSE 100-ის ინდექსში შეიყვანეს. 1990 წელს „იაგუარ ქარზს“ „ფორდი“ დაეუფლა, რომელიც მას 2008 წლამდე ეკუთვნოდა. ცისფერმა ოვალმა 2000 წელს „ლენდ როვერის“ გამოისყიდა (ბეემვესგან) და ორი კომპანია კვლავ ერთ ჯგუფში (ბრიტიშ ლეილანდის შემდეგ) აღმოჩნდა. ამერიკულმა კომპანიამ ორივე „ტატა მოტორზს“ 2008 წელს მიჰყიდა. ინდურმა კომპანიამ ორი ბრიტანული ბრენდი, თავის შვილობილ კომპანია „იაგუარ ლენდ როვერში“ გააერთიანა და მას შემდგ, მის განვითარებას და გაფართოებას, უშურველად ახმარს მილიარდობით დოლარის ინვესტიციას.

მოტორსპორტი
„იაგუარი“ ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მონაწილეა. მოპოვებული გამარჯვებების მხრივ ის კომპანიებს და გუნდებს შორის მეოთხე ადგილზეა. 1951 და 1953 წლებში ლე მანზე გამარჯვება „C-ტაიპმა“ მოიპოვა, 1955, 1956 და 1957 წლებში კი - „D-ტაიპმა“. ხუთი გამარჯვების მომპოვებელი გუნდის შეფი ლოფტი ინგლენდი მოგვინებით (1970-იანების დასაწყისში) კომპანიის მთავარი აღმასრულებელი გახდა.
C-ტაიპი
ბრიტანულმა კომპანიამ 1960-იანების შუაწელში სარბოლო პროტოტიპი შეიმუშავა, თუმცა ის ტრეკზე არც გამოუყვანია. ამის შემდეგ „იაგუარმა“ ლე მანის რბოლა მრავალი წლით დატოვა. 1982 წელს კი დაბრუნდა, რაც ტომ უოკინშოუს გუნდთან (TWR) წარმატებულმა თანამშრომლობამ განაპირობა. ოღონდ, ეს თანამშრომლობა სულ სხვა სარბოლო სერიებში დაიწყო. 1980-იანების შუაწელში კი TWR-მ სარბოლო პროტოტიპის (XJR) შემუშავება დაიწყო, რომელიც „იაგუარის“ V12 ძრავით აღიჭურვა. ეს იყო ლეგენდარული C ჯგუფის პროტოტიპი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთო.
D-ტაიპი

1987 წელს მოპოვებული რამდენიმე გამარჯვების შემდეგ, ლე მანის ჯერი დადგა, რომელიც TWR-მ და „იაგუარმა“ 1988 და 1990 წლებში მოიგეს. XJR-14 „იაგუარის“ ბოლო პროტოტიპია, რომელმაც გამრჯვება მოიპოვა და ამ მანქანით გუნდმა მსოფლიოს 1991 წლის ჩემპიონის (სპორტული ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატი) ტიტულიც მოიგო.
XJR პროტოტიპები

XJR-14
1999 წელს „ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ „იაგუარი“ ფორმულა 1-ში გამოეყვანა. ამისთვის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტისგან, მისი გუნდი (სტიუარტ გრან პრი) გამოისყიდა. „იაგუარ რეისინგი“ დიდი პრიზების ცირკში 2000 წელს ჩაერთო. იქ ხუთი სეზონი გაატარა და წარმატებას ვერ მიაღწია. პროექტის სიძვირის გამო, ცისფერმა ოვალმა გუნდი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია „რედ ბულს“ მიჰყიდა.
ფ1, 2004, იაგუარ R5. საჭესთან მარკ უებერი
2015 წლის დეკემბერში „იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ მოტორსპორტს უბრუნდება. ამჯერად ელექტრულ სარბოლო სერია ფორმულა E-ში.

საწარმოები
„სვალოუ“ მოტოციკლის ეტლებს ქალაქ ბლექპულის ქარხანაში აწარმოებდა. მაგრამ კომპანია 1928 წელს ქოვენთრის ჰელბრუკ ლეინის ქარხანაში გადავიდა, რადგან ბლექპულის ხაზი გაზრდილ წარმოებას ვერ აუდიოდა. კომპანიას სახელად „იაგუარი“ სწორედ ქოვენთრიში გადაბარგების შემდეგ დაერქვა.
სოლიჰალი უშვებს 2017 წლის ავტომობილს - იაგუარ F-პეისს
1951 წელს კომპანიამ ბრაუნს ლეინის ქარხანაში გადაინაცვლა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „დაიმლერის“ „ჩრდილოვანი საწარმო“. ამ ქარხანამ მუშაობა 2005 წელს შეწყვიტა. ერთი წლით ადრე, „იაგუარმა“ წარმოება კასტლ ბრომვიჩში დაიწყო.
2000 წელს „ფორდმა“ თავისი ჰელივუდის ქარხანა, სადაც „ესკორტს“ აარმოებდა, „იაგუარს“ დაუთმო. ამან იქ პირველად სედანი „X-ტაიპი“ გამოუშვა. „იაგუარმა“ ჰელივუდში წარმოება 2009 წელს შეწყვიტა, როგორც კი წარუმატებელი „X-ტაიპის“ გამოშვება გააჩერა. ამჟამად ჰელივუდში ავტომობილებს მხოლოდ „ლენდ როვერი“ აწარმოებს.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ამჟამად თავიანთ ავტომობილებს ქოვენთრიში, გეიდონში, კასტლ ბრომვიჩში და სოლიჰალში აწარმოებენ.

ისტორიული სერიული მოდელები
1948 წლის კუპე კაბრიოლეტი „იაგუარ მარკ V დროპჰედ“. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, „იაგუარის“ პირველი ახალი ავტომობილია. ხელმისაწვდომი იყო 2.5 და 3.5-ლიტრიანი ძრავებით. გამოირჩევა წაგრძელებული კაპოტით. აქვს ტორსიონული დამოუკიდებელი საკიდარი და ჰიდრავლიკური მუხრუჭები.
იაგუარ მარკ V დროპჰედ
1948 წელს გამოვიდა სპორტული XK-120, რომელმაც ომამდელი „SS იაგუარ 100“ შეცვალა. ის აღიჭურვა 3.5-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ორი გამანაწილებელი ლილვი აქვს. გარდა ამისა, კომპანია ამ ავტომობილის მეორე ვარიანტსაც უშვებდა, რომელიც 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი.
იაგუარ XK-120
1950 წელს გამოვიდა სედანი „იაგუარ მარკ VII“, რომელიც ამერიკის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. 1956 წელს ამ ავტომობილმა მონტე კარლოს პრესტიჟული რალი მოიგო.
იაგუარ მარკ VII
1954 წელს კომპანიამ XK-120-ს ახალი ვერსია, XK-140 გამოუშვა, 1957 წელს კი ის XK-150-მა შეცვალა.


1955 წელს გამოვიდა 2.4-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი სედანი (მარკ I), რომელიც „იაგუარის“ ისტორიაში, პირველი მონოკოკურ სტრუქტურაზე აგებული ავტომობილია. 1957 წელს ეს ავტომობილი 3.4-ლიტრიანი ძრავით, დისკოიანი მუხრუჭებით და ბევრი სხვა სიახლით აღიჭურვა. 1959 წელს გამოვიდა „მარკ II“, რომლის ძრავების გამასაც 3.8-ლიტრიანი აგრეგატიც დაემატა. ყველაზე დიდი ძრავით აღჭურვილი ვერსია, ბრიტანულ პოლიციაში მეტად პოპულარული იყო თავისი მცირე გაბარიტებისა და მაღალი სიჩქარის (201 კმ/სთ) წყალობით.
იაგუარ მარკ II
1961 წელს „იაგუარმა“ ლეგენდარული E-ტაიპი გამოუშვა, რომლის არაერთმა კონსტრუქციულმა სიახლემ, შემდგომში სხვა მოდელებზეც გადაინაცვლა.
იაგუარ E-ტაიპი
1968 წელს დაიწყო სედან XJ-ს წარმოება, რომლის მოდიფიკაციებიც კონვეიერზე 1992 წლამდე დარჩა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, XJ6-ია.
იაგუარ XJ6
1992 წელს გამოვიდა სუპერ ავტომობილი XJ22. ის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვა, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის მეშვეობით, 542 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს იყო თავისი ეპოქის უსწრაფესი სერიული ავტომობილი მთელს მსოფლიოში. 
იაგუარ XJ22
ბრიტანელმა მრბოლმა მარტინ ბრანდლმა, იტალიის უსწრაფეს, ნარდოს ტრეკზე ამ ავტომობილით 349 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.

No comments:

Post a Comment