Tuesday, April 13, 2021

„ლენდ როვერი“ და „ვირჯინ გალაქტიკი“ თანამშრომლობას აგრძელებენ

„ლენდ როვერმ“ და კოსმოსური ტურიზმის კომპანია „ვირჯინ გალაქტიკმა“ თანამშრომლობა 2024 წლამდე გააგრძელეს. მათი ამ გადაწყვეტილების გამოცხადება კი, „ვირჯინ გალაქტიკის“ ახალი კოსმოსური ხომალდის წარდგენას დაემთხვა. ხომალდი ანგარიდან „რეინჯ როვერის“ სპეციალურმა ვერსიამ, „რეინჯ როვერ ასტრონავტ ედიშენმა“ გამოიყვანა.

ახალ ხომალდს სახელად „VSS იმეჯინ“ ეწოდა და ეს „ვირჯინის“ ახალი თაობის კოსმოსური ხომალდების ოჯახის პირველი წევრია. ის წინამორბედთან შედარებით, უფრო მეტად მოდულური კონსტრუქციით გამოირჩევა. მისი შემუშავებისას, კომპანიამ ყველა ის ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა, რომლებიც წინა ხომალდების შექმნისას და დამზადებისას დააგროვა.

„ვირჯინს“ უკვე 600-ზე მეტი მგზავრი ჰყავს, რომლებსაც კოსმოსის ზღვარზე ექსპედიციისთვის, პირველადი შენატანი უკვე გადახდილი აქვთ. ფრენები შტატ ნიუ მექსიკოში არსებული კოსმოსური პორტიდან განხორციელდება.

„კოსმოსში ხელმისაწვდომი მგზავრობა, მთელ მსოფლიოში თავგადასავლების მაძიებელთათვის ახალი გამოწვევაა. ლენდ როვერი ამაყობს იმით, რომ ამ საქმეში, ვირჯინ გალაქტიკთან ერთად მუშაობს და მომავალ ასტრონავტებს, კიდევ უფრო შორეულ მოგზაურობაში დაეხმარება“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ჩრდილოამერიკული შტოს მთავარი აღმასრულებელი ჯოი ებერჰარდტი.

ანგარიდან ახალი ხომალდის გამოყვანის გარდა, „რეინჯ როვერის“ სპეც ვერსია, „ვირჯინ გალაქტიკს“ სხვა საქმეშიც ეხმარება. კერძოდ, გადააქვს ეკიპირება და ფრენების შესრულების წინ, ასაფრენ ზოლს მტვრისგან წმენდს.

ორ კომპანიას შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. ახალი ხელშეკრულება კი ნიშნავს, რომ ისინი ერთობლივ მუშაობას, სულ ცოტა, ათ წლამდე გააგრძელებენ.

„რეინჯ როვერ ასტრონავტ ედიშენ“ ლურჯ ფერშია შეღებული, რომელსაც სიმბოლურად სახელი „ზერო გრავიტი“ უწოდეს. ის ფერის სპეციალისტებმა, ღამის ცის შთაგონებით შეაზავეს. მის სალონში შეხვდებით ლოგოს - DNA of Flight (ფრენის დნმ) და კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებულ ელემენტებს.

„რეინჯ როვერის“ კოსმოსური ვერსიის შეძენის საშუალება, მხოლოდ იმ რჩეულებს მიეცემათ, ვინც „ვირჯინ გალაქტიკის“ ასტრონავტთა საზოგადოებაში გაწევრიანდება. მყიდველთა შორის, პირველი იქნება „ვირჯინის“ დამაარსებელი, ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი. მას კოსმოსში პირველი ვოიაჟი 2021 წელს აქვს დაგეგმილი.

No comments:

Post a Comment