Monday, March 29, 2021

„ლენდ როვერი“ „დეფენდერ ვორკს V8 ტროფის“ შეზღუდული ტირაჟით გამოუშვებს

„ლენდ როვერ კლასიკი“ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს „დეფენდერ ვორკს V8 ტროფის“, რომელიც გარეგნობით და ფერით, ლეგენდარულ „ქემელ ტროფის“ მონაწილე „ლენდ როვერებს“ გაგახსენებთ. სულ 25 ცალი ასეთი ავტომობილი დამზადდება, რომლებზეც შეკვეთები უკვე მიღებულია. ყოველ მყიდველს, ისტნორის (ინგლისი) ციხესიმაგრის სიახლოვეს ორგანიზებულ ოფ-როუდის რეიდში მონაწილეობის უფლებაც მიენიჭება.



სპეციალური ავტომობილი, 2012-2016 წლების „დეფენდერ ვორკს V8-ის“ ბაზაზე დამზადდება, რომელიც „ლენდ როვერ კლასიკმა“, „დეფენდერის“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიმუშავა. ავტომობილი აღჭურვილია ატმოსფერული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 399 ცხენის ძალას და 515 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.



ძრავთან წყვილში მუშაობს ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც ასევე მოიცავს ორსაფეხურიან გამანაწილებელ კოლოფს, ცენტრალურ დიფერენციალს და გაძლიერებულ დიფერენციალებს. მყიდველს ორი ტიპის ძარას - მოკლე „დეფენდერ 90-ს“ და გრძელ „დეფენდერ 110-ს“ შესთავაზებენ.



ძარის ყვითელ (ისტნორ იელოუ) ფერთან შეხამებულია შავი (ნარვიკ ბლექ) ფერი, რომლითაც ძარის ცხალკეული ელემენტების (კაპოტი, უკანა კარი, ბორბლების თაღები, დამცავი კარკასი, სახურავის საბარგული და სხვა) გარდა, სალონიც გაფორმდა. რადიატორის ცხაური რეტროს სტილისაა. ბორბლები ფოლადისაა, 16-დუიმიანი, რომლებიც უგზოობისთვის შესაფერისი საბურავებით არის შემოსილი.



საქარე შუშის თავზე განლაგდა დამატებითი ფარები, წინა ბამპერზე კი დამაგრებულია საბუქსირე ჯალამბარი. სალონში განლაგდა „რეკაროს“ წარმოების სპორტული სავარძლები, რომლებიც მარკა „უინძორის“ ტყავით არის გაწყობილი. მაჩვენებლების დაფის შუაში განლაგდა „ელიოტ ბრაუნის“ მარკის საათი. სალონის ასევე აღიჭურვა გასართობ სისტემა „კლასიკით“, რომელიც მოიცავს ნავიგაციის სისტემას და სმარტფონების მხარდამჭერ სისტემას.

„დეფენდერ ვორკს V8 ტროფის“ საწყისი ფასი 195 000 სტერლინგია.

No comments:

Post a Comment