Thursday, March 25, 2021

„ლენდ როვერ დეფენდერ V8“ 518 ცხენის ძალით

„ლენდ როვერ დეფენდერს“ ახალი ფლაგმანი ვერსია გამოუჩნდა. ის აღჭურვილია V8 ძრავით, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ესაა 5.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 518 ცხენის ძალას და 625 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი მონაცემები კი საკმარისია იმისათვის, რომ „დეფენდერ 90-მა“ 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.2 წამში მიაღწიოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ია.

„დეფენდერ V8“ ხელმისაწვდომია როგორც 90, ასევე 110 ძარიანი ვარიანტისთვის. ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს გადასცემს. შეიცვალა საკიდარის დრეკადი ელემენტები და ამორტიზატორები, ასევე სტაბილიზატორები. ელექტრონულად აქტივირებადი უკანა დიფერენციალი, რომელსაც ჩვეულებრივ, მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ ხოლმე, ამჯერად სტანდარტულ ეკიპირებაშია.

„დეფენდერ V8-ს“ სისტემა „ტერეინ რისპონს“ (რეაგირება რელიეფზე) ასევე მოიცავს დინამიკურ პროგრამას, რომელიც ამ ავტომობილისთვის ექსკლუზიურია. მისი მეშვეობით, ავტომობილის ზღვარზე მართვა და მისი მართვის და დინამიკური მახასიათებლების ეფექტურად გამოყენებაა შესაძლებელი. ბრიტანული კომპანია გვამცნობს, რომ ამ სისტემის მეშვეობით, აქსელერატორი მკვეთრი რეაგირებით გამოირჩევა და ასევე შესაძლებელია საკიდარის მუდმივად რეგულირებად რეჟიმში მუშაობა.


„დეფენდერ V8“ სტანდარტული „დეფენდერისგან“ ინდვიდუალური ელემენტებითაც გამოირჩევა. მას აქვს ოთხმაგი გამოსაბოლქვი, ალუმინის 22-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც მუქ რუხ ატლასისებრ ფერშია გამოწყობილი. მასვე აქვს წინა მუხრუჭების ლურჯად შეღებილი კორპუსები. ხელმისაწვდომია მხოლოდ სამი ფერის ძარა. ესენია კარპატული რუხი, იულონის თეთრი და სანტორინი შავი. ყველა მათგანთან შეხამებულია შავი ფერის სახურავი.


„დეფენდერ V8-ს“ სავარძლები გაწყობილია უინძორის მარკის შავი ფერის ტყავით. სალონის გასაფორმებლად ასევე გამოყენებულია ზამშის ქსოვილი და მასალა რობუსტეკის დეტალები. საჭის რგოლს ოთხი წკირი აქვს და გაწყობილია ალკანტარით. მასზევე განლაგდა გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადამრთველი ბერკეტები.

No comments:

Post a Comment