Thursday, February 18, 2021

„იაგუარი“ 2025 წლამდე ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ ბრენდი „იაგუარი“ 2025 წლამდე სრულად გადავა ელექტრომობილების წარმოებაზე, 2030 წლისთვის კი იმავე გზას „ლენდ როვერიც“ დაადგება.

ინდური „ტატა მოტორსის“ ჯგუფში შემავალი „იაგუარ ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ბრენდი „ლენდ როვერი“ მომდევნო ხუთ წელიწადში, ბაზარზე ექვს ახალ ელექტრულ მოდელს გამოუშვებს. მათგან პირველის პრემიერა 2024 წელს არის დაგეგმილი.

სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, ბრიტანულ კომპანიისთვისაც მთავარი გამოწვევა, ელექტრული მოდელების წარმოებაზე გადაწყობაა. მაგრამ როგორც მაღალი წარმადობის ავტომობილების მწარმოებელს, რეპუტაციის შენრჩუნაბისთვის მოუწევს ბრძოლა. ამისთვის კი საჭიროა, რომ მისმა ავტომობილებმა კომფორტის გარდა, სიმძლავრეც შეინარჩუნონ.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ირწმუნება, რომ სამივე ბრიტანულ ქარხანას შეინარჩუნებს და მათს მუშაობას, სამოდელო გამის ელექტრიფიკაციის პროცესი ვერ შეაფერხებს. „დროა, ჩვენი ორივე ბრენდი ახლებურად წარმოვაჩინოთ“, - ამბობს კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ტიერი ბოლორე, ვინც ეს თანამდებობა სექტემბერში ჩაიბარა.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ელექტრიფიკაციასა და შესაბამის ახალ ტექნოლოგიებზე, წლიურად 2.5 მილიარდი სტერლინგის (დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის) ინვესტიციას გეგმავს.

კომპანია ასევე წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიაზე და ავტომობილებში მის დანერგვაზეც მუშაობს. წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი სატესტო პროტოტიპების დამზადება, უახლოეს ერთ წელიწადში იგეგმება.

No comments:

Post a Comment