Tuesday, January 19, 2021

„იაგუარ ვიჟნ გრან ტურიზმო“ - ვირტუალური ჯუნგლების მეფე


„პლეისტეიშენის“ პოპულარულ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოში“ ისეთ ავტომობილებს ნახავთ, რომლებიც არც გზებზე შეგხვდებათ და არც სარბოლო ტრეკებზე. და მაინც, ავტომწარმოებლები მისთვის სპეციალურად ქმნიან პროექტებს. ეს ხომ მათ მომავალი (და არამხოლოდ მომავალი) მყიდველის მოხიბვლის საშუალებას აძლევს.

რა თქმა უნდა, ამ დიდ ფერხულში „იაგუარ ლენდ როვერიც“ არის ჩართული, რომელმაც ახლახანს ვირტუალური ჰიპერ ავტომობილი/ელექტრომობილი - „იაგუარ ვიჟნ გრან ტურიზმო SV“ შეიმუშავა. ის მხოლოდ „პლეისტეიშენისთვის“ არსებობს და მისი პრემიერა წელს (კონკრეტული ვადა დათქმული არაა) შედგება.

ბრიტანული კომპანია თავისი ვირტუალური ჰიპერ ავტომობილის ვირტუალურ ტექნიკურ მახასიათებლებს ავრცელებს: ოთხი ელექტრო ძრავი ჯამში 1903 ცხენის ძალას და 3360 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი ძალა, ავტომობილის დინამიკურ შესაძლებლობებზე აისახება - ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 1.65 წამში და 410 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე.

„იაგუარის“ დიზაინის ჯგუფმა, ახალი ავტომობილის შესაქმნელად, ბაზისად შარშანდლი ვირტუალური „ვიჟნ GT კუპე“ გამოიყენა. გარდა ამისა, მათ გეიმერთა ფორუმებზე გამოთქმული მოსაზრებები და რჩევებიც გაითვალისწინეს. გარდა ამისა, ვირტუალური ჰიპერავტომობილის გარეგნობაში ასახულია „იაგუარის“ ლეგენდარული სარბოლო ავტომობილების - C-ტაიპის, D-ტაიპის, XJR-9-ს და XJR-14-ის სტილური ელემენტები.

„იაგუარები სარბოლო ტრასებისთვის იქმნება და მათს დნმ-ს საგზაო ავტომობილებსაც ვუზიარებთ - სულერთია, იქნება ეს D-ტაიპი, XKSS, თუ I-პეისი და I-ტაიპი. როცა დიზაინერთა ჯგუფს, გრან ტურიზმოსთვის გამორჩეული ელექტრული სარბოლო ავტომობილის შექმნა დაევალა, ისინი თავიდანვე SV-ს და იაგუარ რეისინგის ინჟინრებთან ერთად მუშაობდნენ, რათა რაღაც განსაკუთრებული რამ შეექმნათ“, - ამბობს „იაგუარის“ დიზაინის დრექტორი ჯულიან ტომსონი და დასძენს:

„ვიჟნ GT SV არის დრამატურლი და ვიზუალურად დამატყვევებელი მანქანა, რომელიც წარმოგვიდგენს, რისი შექმნა შეიძლება, როცა რეალური სამყაროს მოთხოვნებით არ ვართ შეზღუდულნი. ამ ავტომობილის სრულგაბარიტიანი ვერსიის შექმნთ, ჩვენ იაგუარის ელექტრული სარბოლო ავტომობილის ყველაზე ექსტრემალური ვერსია წარმოვადგინეთ, რომელიც წარსულის შთაგონებით შეიქმნა და მომავალს უშიშრად უმზერს“.

„GT კუპესთან“ შედარებით, „ვიჟნ GT SV“ 861 მილიმეტრით გრძელია და უფრო დახვეწილი აეროდინამიკის წყალობით, ბორბლებს გაცილებით მეტი ჩაჭიდებით უზრუნველყოფს. ავტომობილი აღჭურვილია უკანა დასაკეცი ფრთით, რომელიც ჩაჭიდების დიდ ნაწილს იძლევა. მანქანის ქვეშ ჰაერის სწრაფი ნაკადის მისაღებად, რისი დანშნულებაც, გრაუნდ ეფექტის მიღწევაა, ავტომობილის ეს ნაწილი სრულად გასწორდა და გრძივი პროფილებით დაკომპლექტდა. საბოლოოდ, ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი Cd არის 0.398. 322 კმ/სთ სიჩქარეზე კი აეროდინამიკური ჩაჭიდების ეფექტი 483 კილოგრამს აღწევს.

„იაგუარ SV-ს“ აეროდინამიკის მთავარი ინჟინერი მაიკლ ო’რეგანი ამბობს, რომ აეროდინამიკის ოპტიმიზაციისთვის, კომპანიამ ჰიდრო დინამიკის ანალიზის უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც ფართოდ არის დანერგილი ფორმულა 1-სა და ავიაწარმოებაში. კომპანიამ ეს ტექნოლოგია უფრო ადრეც, იაგუარ I-ტაიპზე და ფორმულა E-ს სარბოლო ავტომობილზე მუშაობის დროსაც გამოიყენა.

რაც შეეხება ინტერიერს, ის სარბოლო ყაიდაზეა მოწყობილი და მრბოლის ირგვლივ არის აწყობილი. ყველა ხელსაწყო და გადამრთველი ადვილად მისაწვდომია. ინტერიერის/კოკპიტის მოსაწყობად მსუბუქი მასალები გამოიყენეს. მათ შორისაა ქსოვილი „ტაიპფაიბრი“, რომლითაც კომპოზიტური სავარძლები დამზადდა. „იაგუარი“ ამ მასალას მალე რეალურ სამყაროშიც, „I-ტაიპზე“ და ფორმულა E-ს სარბოლო ავტომობილზეც გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment