Sunday, November 29, 2020

„იაგუარ ლენდ როვერი“ ელექტრულ „რენჯ როვერს“ გამოუშვებს

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ ელექტრომობილს „რენჯ როვერის“ მარკით გამოუშვებს. ჟურნალმა ეს ინფორმაცია ანონიმური წყაროსგან მიიღო, რომელიც ბრიტანული კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორის, ედრიან მარდელის და ინვესტორების შეხვედრას ესწრებოდა.

შეხვედრაზე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ კომპანია ორი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს, რომლებიც ერთსა და იმავე, MLA პლატფორმაზე იქნება ბაზირებული. მათგან ერთია „რენჯ როვერის“ ელექტრომობილი, რომელიც გარეგნულად მოდელ „ველარს“ დაემსგავსება, მეორე კი - სედან „იაგუარ XJ-ს“ სრულიად ახალი და რაც მთავარია, ელექტრული ვერსია.

ამ ორი ავტომობილის პრემიერა წელს იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის შემოტევის გამო, მათი ბაზარზე გამოშვება გადაიდო. გარდა ამისა, მარდელმა ახსენა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, რომელსაც „MLA MID“ უწოდა. მასზე ბევრი არ თქმულა, თუმცა ცნობილია, რომ მასზე მუშაობაც, პანდემიის გამო გაჭიანურდა.

იმავდროულად, ლოკდაუნის მიუხედავად, არ შეჩერებულა მუშაობა ახალ „რენჯ როვერსა“ და „რენჯ როვერ სპორტზე“. ამასთან, კომპანია წარმოებისთვის ამზადებს ახალი „დეფენდერის“ ვარიანტ 90-ს.

შეხვედრისას ერთ-ერთმა ინვესტორმა, რომელიც საერთაშორისო ბანკს წარმოადგენდა იკითხა, ავტომწარმოებელს რა გეგმები აქვს ახალი მოდდლების შემუშავებისას, ხარჯების შეკვეცასთან დაკავშირებით, რაზეც მარდელმა უპასუხა, რომ დაგეგმილი საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 1 მილიარდი სტერლინგით, 3 მილიარდ სტერლინგამდე შეიკვეცა. ამის განხორციელებას, კომპანია მომავალში მოდელების დერივატივების რიცხვის შემცირებით გეგმავს.

მარდელისვე თქმით, ახალი „დეფენდერი“ კომპანიის განვითარების ახალი ნაბიჯია, რომელიც „ლენდ როვერის“ გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის. კომპანია წლიურად დაახლოებით 100 000 „დეფენდერის“ გაყიდვას გეგმავს.

No comments:

Post a Comment