Tuesday, November 24, 2020

„იაგუარმა“ 2021 სამოდელო წლის „E-პეისი“ განაახლა

განახლებული „E-პეისი“ წინამორბედისგან გარეგნულად დიდად არ განსხვავდება, თუმცა მის ეკიპირებაში რიგი სიახლეებია, რომლებიც კონკურენტებთან უპირატესობას მიანიჭებს.

დიზაინში სიახლეა განსხვავებული წინა ბამპერი და რადიატორის ახალი ცხაური, რომელიც ბრილიანტისებრი დტალებით გამოირჩევა. გარდა ამისა, განახლებულ „E-პეისს“ ახალი LED ფარები აქვს, დამახასიათებელი „ორმაგი J“ დღის განათებით. ოპციის სახით, მყიდველს „პიქსელ LED“ ტექნოლოგიასაც შესთავაზებენ.

უკან ყურადღებას იქცევს ფსევდო ბამპერსა და ფსევდო დიფუზორს შორის მოთავსებული არე, რომელიც შავი ცხაურით არის დაფარული. ახალია უკანა LED ფარები, რომლებიც ელექტრომობილ „I-პეისის“ ამავე ელემენტების შთაგონებით არის შექმნილი.

ავტომობილი აგებულია ახალ არქიტექტურაზე, რომელიც გაუმჯობესებული წინა საკიდარით არის აღჭურვილი. საკიდარი ძარას ახალი სამაგრებით უკავშირდება და უფრო კომფორტულ სვლას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ახალი არქიტექტურა შემცირებული ვიბრაციითაც გამოირჩევა.

ავტომობილის ძრავების გამაში, არაერთი აგრეგატი შევიდა. ამასთან, ისინი ბაზრის შესაბამისად არის განკუთვნილი. საბაზო ძრავია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომელიც 247 ცხენის ძალას და 365 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილში, 9-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია და სრულ ამძრავიანი სისტემა მუშაობს.

2021 სამოდელო წლის „E-პეისის“ ვერსია „E-პეის 300 სპორტი“ ასევე აღიჭურვა მსუბუქად ჰიბრიდული აგრეგატით, რომელიც 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავის და ჰიბრიდული სისტემის ტანდემს წარმოადგენს. ის 296 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს იძლევა.

„E-პეის 300 სპორტის“ ეკიპირებაში შევიდა მეორე თაობის სრულ ამძრავიანი სისტემა „ექტივ დრაივლაინი“, რომელიც მომენტს წინა და უკანა ბორბლებს შორის, საჭიროებისამებრ ანაწილებს. ის მუშაობს ორი დამოუკიდებელი გადაბმის სველდისკოიანი ქუროთი, რომლებიც მომენტს უკანა ბორბლებს შორის ანაწილებს. მას აქვს იმის უნარი, რომ 100 მილიწამში, მომენტის 100-ვე პროცენტი, რომელიმე უკანა ბორბალს მიაწოდოს.

„იაგუარი“ 2021 სამოდელო წლის „E-პეისის“ გაყიდვას იანვარში დაიწყებს. 

No comments:

Post a Comment