Tuesday, July 28, 2020

„იაგუარ ლენდ როვერის“ უკონტაქტო სენსორული ეკრანი ვირუსების წინააღმდეგ

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, „იაგუარ ლენდ როვერი“ და კემბრიჯის უნივერსიტეტი ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომლის წყალობითაც, კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება და ვირუსის გავრცელების შეზღუდვა იქნება შესაძლებელი. ლაპარაკია უკონტაქტო სენსორულ ეკრანზე, რომელიც ყოველგვარი კონტაქტის გარეშე მანიპულირების საშუალებას იძლევა.

დაპატენტებული სისტემის სახელია „პროგნოზირებადი შეხება“ (predictive touch). ის იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და რადიოსიხშირეებზე მომუშავე სენსორებს, რომელთა საშუალებითაც გამოიცნობს, ვირტუალურ ეკრანზე რომელი ფუნქციის (ნავიგაცია, კონდიცირების სისტემა, გართობა) გამოყენება სურს მომხმარებლის. ამასთან, ვირტუალურ ეკრანზევე საჭირო გამოსახულებას უჩვენებს. ეს ყველაფერი, რეალური შეხების გარეშე ხდება და შესაბამისად, ეკრანით ბაქტერიების და ვირუსების გადაცემის ალბათობა ნულამდეა დაყვანილი.

ახალი სისტემა არის იმ კონცეპციის ახალი შემადგენელი ნაწილი, რომელიც „დანიშნულების ადგილი ნული“ (Destination Zero) სახელით არის ცნობილი. ამგვარად, კონცეპციის ნულოვან ავარიებს, ნულოვან საცობებს, ნულოვან გამონაბოლქვს, ნულოვანი ვირუსები/ბაქტერიები დაემატა.

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს, წინა პლანზე ისევ უსაფრთხო, სუფთა გადაადგილება წამოიწევს და განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენას მიექცევა. „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ეს კრიტერიუმი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და კომპანია მგზავრების ჯანმრთელობაზე ყოველთვის ზრუნავდა. ამის მაგალითისთვის თუნდაც მძღოლის მდგომრეობის კონტროლის სისტემა, ძრავის ხმაურის ჩახშობის და კაბინის ჰაერის იონიზაციის სისტემებიც გამოდგება.

ახალი სისტემის ტესტებმა აჩვენა, რომ ის მძღოლის მიერ სენსორული ეკრანით სარგებლობის დროს დაახლოებით 50 პროცენტით ამცირებს. და რა თქმა უნდა, გამორიცხავს კონტაქტის მეშვეობით, ბაქტერიების და ვირუსების გავრცელებას. გარდა ამისა, ჩვეულებრივი სენსორული ეკრანის გამოყენებისას, როდესაც ავტომობილი ცუდ გზაზე მოძრაობს, რთულია საჭირო ღილაკზე ფოკუსირება და მისი გამოყენება. ამის გამო, საჭირო ხდბა ყურადღების ეკრანზე გადატანა. ეს კი ინციდენტის რისკს ზრდის. უკონტაქტო ეკრანი კი, რადიოსენსორების და ჟესტების კონტროლის სისტემის მეშვეობით, ამ ნაკლს გამორიცხავს.

No comments:

Post a Comment