Monday, June 8, 2020

„ლენდ როვერ დეფენდერი“ ამერიკელ დილერებს დაუბრუნდა

„ლენდ როვერმა“ ამერიკელი დილერებისთვის ახალი „დეფენდერის“ მიწოდება დაიწყო. ამგვარად, „დეფენდერი“ ამერიკულ ბაზარს ოფიციალურად, 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კომპანია ამერიკელ მყიდველს პირველ რიგში, „დეფენდერ 110-ს“ შესთავაზებს, მოგვიანებით კი იქ სამკარიან „დეფენდერ 90-საც“ შეიტანს.

ახალი „დეფენდერი“ ბრიტანული კომპანიის სრულიად ახალ, ალუმინის D7x პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც „ლენდ როვერის“ ისტორიაში, ყველაზე მტკიცე სტრუქტურაა და უგზოობის მოდელებისთვის ტრადიციულ, ჩარჩოზე აგებულ სტრუქტურასთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო ხისტია. ეს კი მის საუკეთესო ყველგანმავლის თვისებებს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალი „დეფენდერი“ არის „ლენდ როვერის“ პირველი მოდელი, სისტემა „ტერეინ რისპონსის“ რეგულირებაიდ ვერსიითაა აღჭურვილი. მისი მეშვეობით, მძღოლს შეუძლია, თავისი ავტომობილი საგზაო პირობების შესაბამისად მომართოს. უგზოობის ახალ სისტემის გარდა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია სრულად დამოუკიდებელი საკიდარით, ორსიჩქარიანი სატრანსფერო კოლოფით და მუდმივი სრული მოდებით.

ახალი „დეფენდერის“ საბაზისო P300 ვერსია აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 296 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამერიკულ ბაზარზე ტოპ ვერსია იქნება P400, რომლის 6-ცილინდრიანი 3.0-ლიტრიანი, საშუალო ჰიბრიდული ძრავი, 395 ცხენის ძალას იძლევა. ორივე ვერსიაზე, ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს.

ახალი „დეფენდერის“ ეკიპირებაში ასევე შევიდა კომპანიის ახალი ინფოტაინმენტ სისტემა „პივი პრო3“, რომელშიც 10-დუიმიანი სენსორული ეკრანი შედის. ეკრანის ინტერფეისი განახლებულია. სისტემა ასევე მოიცავს „ანდროიდ ავტოს“, „ეპლ ქარპლეის“ და აქვს უკაბელო განახლებების ფუნქცია.

დაბოლოს, ახალი „დეფენდერი“ ისეა შემუშავებული, რომ პერსონალიზაციის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს. მყიდველს აქსესუარების ოთხ ძირიტად პაკეტს შესთავაზებენ. გარდა ამისა, არჩევანში ინდივიდუალური აქსესუარებიც შედის.

No comments:

Post a Comment