Friday, May 29, 2020

ახალი „დეფენდერის“ ფლაგმანი ვერსია V8 ძრავით აღიჭურვება


ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ თავისი ახალი „დეფენდერის“ ფლაგმან ვერსიაზე მუშაობს, რომელიც V8 ძრავით აღიჭურვება. ეს ავტომობილი კონკურენციას, უფრო ძვირადღირებულ გერმანულ მოდელებს გაუწევს.
„ავტოქარმა“ სატესტო „დეფენდერი“ დააფიქსირა, რომელიც ოთხი გამოსაბოლქვი მილით არის აღჭურვილი. ასეთი რამ კი მხოლოდ „იაგუარ ლენდ როვერის“ იმ მოდელებზეა, რომლების კაპოტქვეშაც V8 ძრავია განლაგებული. გამოცემამ ასევე დაადგინა, რომ სატესტო ავტომობილი, ბენზინის 5.0-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი აგრეგატით არის აღჭურვილი.
საინტერესოა, რომ ბრიტანული კომპანია მალე აღნიშნული ძრავის გამოყენებას შეწყვეტს, რადგან „ფორდის“ ბრიჯენდის ქარხანა, რომელიც მას აწარმოებს, მალე დაიხურება. იმავდროულად, „იაგუარ ლენდ როვერმა“ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ბეემვესთან“, რომლისგანაც მომავალში 4.4-ლიტრიან ტურბო V8 ძრავებს მიიღებს.
მაგრამ „ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ „ლენდ როვერს“ თავის საწყობში, „ფორდის“ V8 ძრავები, „დეფენდერის“ ტოპ ვერსიისთვის აქვს შემონახული. შესაბამისად, ასეთ ვერსიებს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ამასთან, V8 ძრავით აღჭურვილი „დეფენდერის“ წარმოებაში მონაწილეობას არ მიიღებს ტოპ ვერსიების მწარმოებელი შტო SVO (სპეშლ ვიიქლს ოპერეიშნზ).
ცნობისათვის, V8 ძრავი, რომელსაც SVO „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ზე“ იყენებს, 567 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა არსებობს ამ ძრავის დეფორსირებული ვერსიაც, რომლის სიმძლავრე „მხოლოდ“ 444 ცხენის ძალაა. ასეთი ძრავით, „იაგუარ F-ტაიპის“ განახლებული ვერსიაა აღჭურვილი.
ახალი „ლენდ როვერ დეფენდერის“ ამჟამინდელი ტოპ ვერსია, 3.0-ლიტრიანი ერთრიგა, საშუალო ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას და 550 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment