Thursday, June 25, 2020

„რეინჯ როვერის“ სპეციალური გამოშვება 50 წლის იუბილეს აღსანიშნად

„ლენდ როვერმა“ თავისი ყველაზე მდიდრული ავტომობილის, „რეინჯ როვერის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნად, 2021  სამოდელო წლის „რეინჯ როვერის“ სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელსაც მეტსახელად „ფიფტი“ (ორმოცდაათი) ეწოდა.

სპეც ვერსია მხოლოდ 1970 ცალი დამზადდება. ეს იმ წლის აღსანიშნად, როდესაც „რეინჯის“ წარმოება დაიწყო. ავტომობილი მთელს მსოფლიოში გაიყიდება. სპეც მოდელს არაერთი თავისებურება აქვს, რომლებითაც ის საბაზო მოდელისგან განსხვავდება.

„რეინჯ როვერ ფიფტი“ მოდელ „რეინჯ როვერ ავტობაიოგრაფის“ ბაზაზე მზადდება. მყიდველს ექსტერიერის ფერის მიხედვით, ოთხ არჩევანს შესთავაზებენ. ესენია შავი სანტორინი, ვერცხლისფერი არუბა, კარპატული რუხი და როსელო წითელი. ყველაზე შეზღუდული რაოდენობით კი „ფიფტი“ ბაჰამურ ოქროსფერში, დავოსის თეთრსა და ტუსკანურ ლურჯში გამოეწყობა.

„რეინჯ როვერ ფიფტისთვის“ ბორბლების ორი პაკეტია გამოყოფილი. ორივე 22-დუიმიანია. გარდა ამისა, ძარა „ფიფტის“ მოტივის ემბლემებით არის მორთული. ასეთი ემბლემები ინტერიერშიც შეგხვდებათ.

მყიდველის სურვილის შესაბამისად, საიუბილეო მოდელი როგორც სტანდარტულ, ასევე გრძელბაზიან „რეინჯ როვერზე“ დამზადდება. ძრავების გამაში, ბენზინის და დიზელის აგრეგატების დიდი არჩევანია. მასში ასევე შევიდა P400e დასამუხტი ჰიბრიდული აგრეგატი, რომელშიც ინჯენიუმის 2.0-ლიტრიან ბენზინის ტურბო ძრავთან, 85 კილოვატიანი ელექტროძრავია შეწყვილებული. მისი ჯამური სიმძლავრე 398 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 640 ნიუტონმეტრს აღწევს.

„ლენდ როვერი“ საიუბილეო სპეც ვერსიის გაყიდვას მალე დაიწყებს.

No comments:

Post a Comment