Monday, May 18, 2020

„ევოუკი“ და „დისქავერი სპორტი“ დასამუხტი ჰიბრიდებითაც აღიჭურვება

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი დასამუხტი (პლაგ-ინ) ჰიბრიდული სისტემა შეიმუშავა, რომელსაც პირველ რიგში, „რეინჯ როვერ ევოუკსა“ და „დისქავერი სპორტზე“, შემდეგ კი სხვა მოდელებზეც გამოიყენებს.

ჰიბრიდული ძალური დანადგარი ბენზინის პატარა, სამცილინდრიან 1.5-ლიტრიან ძრავს (197 ცხენის ძალა) და 107-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავის და ელემენტების 15-კილოვატსაათიანი ბლოკის ტანდემს აერთიანებს. საერთო ჯამში, სისტემის სიმძლავრე 304 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრს აღწევს.
ახალი აგრეგატის დახმარებით, „რეინჯ როვერ ევოუკ P300e-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის მიღწევა 6.4 წამში შეუძლია, „ლენდ როვერ დისქავერი სპორტ P300e“ კი იგივე აჩქარებას 6.6 წამში ასწრებს. ორივე ავტომობილზე, ელემენტების ბლოკი 50 და 100 კილოვატიანი დასამუხტი სისტემებით, 30 წუთში 80 პროცენტით იმუხტება. მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, „ევოუკ P300e“ დაახლოებით 66 კილომეტრს გადის, „დისქავერი სპორტ P300e-ს“ სვლის ელექტრული სიშორე კი 62 კილომეტრია.
ეკონომიური მოხმარებითაც (კომბინირებული WLTP ციკლით) გამოირჩევა. კერძოდ, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „ევოუკი“ 100 კილომეტრზე მხოლოდ 1.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, იმავე ჰიბრიდული სისტემით კი „დისქავერი სპორტს“ 1.6 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ორივე შემთხვევაში, ჰიბრიდულ სისტემას 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია ემსახურება.
ორივე ავტომობილის მყიდველი, სახლის დასამუხტ კაბელს მიიღებს, რომლის მეშვეობითაც, სახლის ჩვეულებრივი ქსელიდან, ავტომობილის ელემენტების 6 საათსა და 42 წუთში დამუხტვაა შესაძლებელი.
ორივე ჰიბრიდულ ავტომობილს, მუშაობის სამი რეჟიმი აქვს. ერთია ძირითადი რეჟიმი (Hybrid), რომლის დროსაც, შიდაწვის და ელექტრო ძრავები ერთდროულად მუშაობს და საგზაო პირობების და ელემენტებში დარჩენილი ენერგიის შესაბამისად, ავტომატურად ადაპტირდება. მეორე რეჟიმი (EV) სრულად ელექტრულია, რა დროსაც, გადაადგილებას მხოლოდ ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს. მესამე რეჟიმის სახელია „სეივ“ (SAVE), რომლის დროსაც, მამოძრავებელ ძალას შიდაწვის ძრავი გამოიმუშავებს და ელემენტებში ენერგიის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment