Monday, April 27, 2020

„იაგუარ ლენდ როვერმა“ გასული წლის გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა

„იაგუარ ლენდ როვერის“ საცალო გაყიდვებმა 2019/20 ფისკალურ წელიწადში, 508 659 ავტომობილი შეადგინა. ეს 12.1 პროცენტით ნაკლებია წინა ფისკალური წლის გაყიდვებზე, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის დამსახურებაა. ვირუსის გამო, ავტოინდუსტრია ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში პრაქტიკულად გაჩერდა. ამის შედეგად, ბრიტანულმა კომპანიამაც იზარალა.

მეოთხე კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, „იაგუარ ლენდ როვერმა“ სულ 109 869 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.9 პროცენტით ნაკლებია.
2019/20 ფისკალურ წლის შედეგები, მსოფლიოს ყველა რეგიონში გაუარესდა. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 7.5 პროცენტით, ჩინეთში 8.9 პროცენტით, ბრიტანეთში 9.6 პროცენტით, კონტინენტურ ევროპაში 16.1 პროცენტით, დანარჩენ მსოფლიოში კი 20.3 პროცენტით შემცირდა. არადა, მეორე და მესამე კვარტალში, ჩინეთში გაყიდვები ორციფრიანი პროცენტებით გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთში ეპიდემიის და ლოკდაუნის დასრულების შემდეგ, კომპანიის ყველა საცალო გამყიდველი გაიხსნა და ეს გაყიდვების ზრდაზე უკვე აისახება.
პანდემიის მიუხედავად, წლიდან წლამდე შედეგებით, „რეინჯ როვერ ევოუკის“ გაყიდვები 24.7 პროცენტით გაიზარდა. უფრო მეტი, 40-პროცენტიანი ზრდა ელექტრომობილ „იაგუარ I-პეისის“ გაყიდვებში დაფიქსირდა. უახლესი „ლენდ როვერ დეფენდერის“ გაყიდვები მეოთხე კვარტალში დაიწყო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, „იაგუარ ლენდ როვერს“ ჩინეთის გარდა, ავტომობილების წარმოება ყველგან შეჩერებული აქვს. ჯერჯერობით დაანგარიშებული არ არის ფისკალური წლის ფინანსური შედეგები, რომლებიც მოგვიანებით, კომპანიის სრულად ამოქმედების შემდეგ დაითვლება.

No comments:

Post a Comment