Tuesday, January 7, 2020

„იაგუარ XE რეიმს ედიშენ“ ფრანგულ სარბოლო ლურჯ ფერში

რეიმსის (საფრანგეთი) 12-საათიან რბოლაში, ლეგენდარული „D-ტაიპით“ 1954 წელს მოპოვებული პირველი გამარჯვების აღსანიშნად, „იაგუარმა“ თავის სედან XE-ის ვერსია „რეიმს ედიშენ“ გამოუშვა. ამ ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მისი ფერია, რომელსაც „ფრანგული სარბოლო ლურჯი“ ეწოდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „იაგუარი“ ამ ფერს იყენებს. ადრე მასში რამდენიმე მოდელის სპეციალური ვერსიები, მათ შორის, XKR-S და XFR-S გამოაწყვეს. მკვეთრ ლურჯ ფერთან პრიალა შავი ფერის დეტალები (სახურავი,გარე სარკეები, ვენტილატორები და 19-დუიმიანი ბორბლები) ოსტატურად არის შეხამებული, რაც ავტომობილს გამორჩეულს ხდის.
რაც შეეხება ეკიპირებას, აქ გამოყენებულია ის სისტემები და ტექნიკა, რომლებსაც ჩვეულებრივ, სტანდარტული მოდელების მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ. მათ შორისაა დაბურული უკანა შუშები და პაკეტ „ბლექ პეკში“ შემავალი ელემენტები, მათ შორის, რადიატორის შავი ფერის ცხაური და მისი არშია, ასევე ჰაერის გვერდითი ჭრილები. ამავე პაკეტში შედის გათბობადი სავარძლები, ასევე ცივი კლიმატის პაკეტი, რომელშიც გათბობადი საქარე შუშა, გამათბობლიანი საჭე და ფარების საწმენდებიც შედის.
ვერსია „რეიმს ედიშენის“ წარმოების პროგრამა შეზღუდულია და მხოლოდ 200 ეგზემპლარის გამოშვებას ითვალისწინებს. ყველა მათგანი ბრიტანული ბაზრისთვისაა გათვალისწინებული. ყველა მათგანი აღიჭურვება მხოლოდ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით (P250), რომელიც 246 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავიდან მამოძრავებელი ძალა ოთხივე ბორბალს გადაეცემა.

No comments:

Post a Comment