Sunday, January 19, 2020

იაგუარის და ჰოტ უილსის საოცარი ტრეკი პატარა F-ტაიპისთვის

„იაგუარმა“ და კომპანია „ჰოტ უილზმა“ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს განახლებული „F-ტაიპის“ პრომოუშენი. სათამაშო ავტომობილების მწარმოებელმა სპეციალურად შეიმუშავა სპორტული ავტომობილის 1:64 მასშტაბის მოდელი, რომელიც შავ-თეთრ კამუფლაჟში გამოაწყო.

მეორე ეტაპზე, პარტნიორებმა „იაგუარის“ დიზაინის სტუდიაში, „ჰოტ უილზის“ საოცარი ტრეკი განალაგეს, რომელიც სპეციფიკურ უბნებზე გაატარეს. საერთო ჯამში, ტრეკის სიგრძემ 232 მეტრს მიაღწია და მას 25 მარყუჟი, 44 მოსახვევი და სამი ტრამპლინი აქვს. გარდა ამისა, მოდელის მოძრაობის უზრუნველსაყოფად, ტრეკი ამაჩქარებლებითაც აღიჭურვა. მისი წყალობით, ცალკეულ მონაკვეთებში მოდელის სიჩქარე 483 კმ/სთ სიჩქარესაც კი აღწევდა.
რამდენადაც, ეს ტრეკი „F-ტაიპის“ პრომოუშენს ემსახურებოდა, გზამ სწორედ ამ ავტომობილის თიხის მოდელზე, სალონში, ესკიზებსა და სხვა სპეციფიკურ ადგილებში გაიარა. ტრეკის ბოლოს კი მას რეალური „F-ტაიპი“ დახვდა.
„იაგუარის“ დიზაინის დირექტორი ჯულიან თომსონი ამბობს, რომ „ჰოტ უილზის“ მანქანები მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. „ჩვენ ახალი მოდელებს თიხით ვქმნით და როცა ვხედავთ, როგორ დაქრის ეს დეტალურად დამუშავებული 1:64 მასშტაბის მოდელი სტუდიაში, სადაც პროექტირების პროცესს სრულად მოივლის, ეს მართლაც განსაკუთრებული რამ იყო“, - ამბობს თომსონი.
რაც შეეხება განახლებულ „F-ტაიპს“, ის ახალი, უფრო აგრესიული წინა ნაწილით გამოირჩევა, რომელსაც დიდი ზომის რადიატორის ცხაური და დაწვრილებული ფარები ამშვენებს. ახალია კაპოტი, წინ ფრთების ჭრილები და უკანა ფარები. ინტერიერი პრაქტიკულად უცვლელად დარჩა. მაგრამ ახალია 12.3-დუიმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფა და „ტაჩ პრო“ ინფოტაინმენტ სისტემა.
ძრავების გამაში ოთხი აგრეგატია (ბაზარზეა დამოკიდებული). მათგან ყველაზე სუსტია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 300 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ყველაზე მძლავრი კი „F-ტაიპ R-ს“ ამუშავებს და ის 575 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 96 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 299 კილომეტრს აღწევს.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=AYFsTYyInB4&feature=emb_logo

No comments:

Post a Comment