„იაგუარმა“ კიდევ ერთი ელექტრომობილი შეიმუშავა,
ოღონდ ვირტუალური რბოლებისთვის. „იაგუარ ვიჟნ გრან ტურიზმო კუპე“ ბრიტანული
კომპანიის პირველი ვირტუალური ავტომობილია, რომელიც მხოლოდ პოპულარულ ვიდეო თამაშ
„გრან ტურიზმოსთვის“ შეიქმნა.
როგორც კომპანია აცხადებს, „იაგუარ ვიჟნ გრან
ტურიზმო კუპე“ არის ელექტრული ჰიპერ ავტომობილი, რომელიც „იაგუარის“ მდიდარი
სარბოლო წარსულის შთაგონებით შეიმუშავეს. მასში კლასიკურ სარბოლო მოდელებთან - C-ტაიპთან
და D-ტაიპთან
ნათესაობა შეინიშნება.
„იაგუარის“ განმარტებით, ვირტუალური ჰიპერ
ავტომობილი სამი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 1020 ცხენის ძალას
და 1200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებენ. ერთი ძრავი წინ განლაგდა, ორი კი - უკან.
მათი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 2 წამზე ნაკლებ
დროში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე 322 კილომეტრია საათში.
ვირტუალური სარბოლო ელექტრომობილი, კარბონის ბოჭკოს
კომპოზიტისგან და ალუმინისგან დამზადებულ, მსუბუქ მონოკოკურ შასიზეა აგებული. ავტომობილი
1400 კილოგრამს იწონის და მისი წონა წინა და უკანა ხიდებს შორის, თანაბრად (50:50)
არის გადანაწილებული.
სარბოლო ავტომობილს აქვს აეროდინამიკურად
დახვეწილი, მომრგვალებული ფორმები. ის აღჭურვილია აქტიური ფრთით, რისი
მეშვეობითაც, საჭიროებისას აეროდინამიკურ დატვირთვას და შესაბამისად, გზასთან
ჩაჭიდებას ზრდის. ინტერიერი სრულადაა ფოკუსირებული პილოტზე. სავარძლები ერთგვარი
ხიდისებრი ელემენტით არის გაყოფილი, რომელზეც გადაცემების გადასართავი ბერკეტი
განლაგდა.
ავტომობილი ასევე ხელოვნური ინტელექტის სისტემითაც (KITT-E)
არის აღჭურვილი, რომელიც ყველა სისტემას აკონტროლებს და პილოტთან მანქანის მუდმივ
კავშირს უზრუნველყოფს.
„იაგუარ
ვიჟნ გრან ტურიზმო კუპეს“ გამოყენება „გრან ტურიზმოს“ მომხმარებლებს ნოემბრიდან
შეუძლიათ.
No comments:
Post a Comment