Sunday, October 6, 2019

21-ე საუკუნის „ლენდ როვერ დიფენდერი“

ხანგრძლივი მოლოდინი დასრულდა, სრულიად ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“, რომელსაც საავტომობილო სამყარო დიდხანს ელოდა და რომლის შესახებაც ინფორმაციას, ბტიტანული კომპანია პერიოდულად ავრცელებდა, უკვე ბაზარზეა. მისი მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართა. ლეგენდა დაბრუნდა!

და თუ ადრე „დიფენდერის“ ძირითადი დანიშნულება გაუვალი გზების დაპყრობა იყო, ახლა თქვენთვის ამასაც გააკეთებს, ჩვეულებრივ გზებზეც კომფორტულად გატარებთ, მაღალი დონის უსაფრთხოებითაც უზრუნველგყოფთ და უახლეს ტექნოლოგიებსაც მოგამსახურებთ. მოკლედ, ბრიტანული სიამაყე კვლავაც ასეთად რჩება.
ახალი „დიფენდერი“ D7x არქიტექტურაზეა ბაზირებული. ბაზარზე ის 2020 წლის გაზაფხულიდან გამოვა, 110 კონფიგურაციით და სავარძლების 5+2 ფორმულით. მყიდველს ოთხ განსხვავებულ პაკეტს შესთავაზებენ. ესენია: ექსპლორერი (მკვლევარი), ედვენჩა (სათავგადასავლო), ქანთრი (სოფლის) და ურბანი (ქალაქის). მოგვიანებით, მყიდველს ასევე მოკლებაზიან 90-ს და კომერციულ ვერსიას შესთავაზებენ.

ყოველმხრივ ახალი დიფენდერი
სრულიად ახალი სტილის მიუხედავად, ამ ავტომობილში კვლავაც უცილობლად ამოიცნობთ „დიფენდერს“. ამასთან, ახალია არამხოლოდ სტილი, არამედ მისი აგებულებაც და აღჭურვილობაც. მას აქვს მოკლე წინა და უკანა გადმონაშვერები და მაღლა განლაგებული ზღურბლები, რისი წყალობითაც, შესვლის და გამოსვლის მაღალ კუთხეებს ანიჭებს. უკანა კარზე სათადარიგო ბორბალია მოთავსებული.
ახალი „დიფენდერი“ წინამორბედთან შედარებით, უფრო რბილი ფორმებით გამოირჩევა, თუმცა ეს მის ხასიათს სულაც არ არბილებს, რაც ურთულეს პირობებში ტესტებმაც დაადასტურა. სტილს სრულყოფილებას ანიჭებს LED ფარები, რომლებიც ახალი დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეული დამახასიათებელი ნიშანია.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ბორბლების 12 სტილს შორი თქვენთვის ყველაზე სასურველი. მათი ზომები 18-დან 22 დუიმამდეა. ისინი ფოლადის და ალუმინისგან არის დამზადებული. ექსტერიერის ფერებს სამი ახალი დაემატა. ესენია ლურჯი (ტასმან ბლიუ), მწვანე (პანგეა გრინ) და ქვისფერი (გონდვანა სტოუნ). მათ გარდა, ფერთა არჩევანში ასევეა თეთრი (ფუძი უაით), რუხი (აიგერ გრეი), შავი (სანტორინი ბლექ) და ვერცხლისფერი (ინდუს სილვერ).

რევოლუციური შიგნიდან
ახალი „დიფენდერის“ ინტერიერი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის ეკიპირებული და წინამორბედისგან ძლიერ განსხვავდება. თქვენს განკარგულებაშია მაჩვენებლების ციფრული დაფა, ცენტრალური სენსორული ეკრანი და ჰედ-აპ დისპლეი. ცენტრალურ კონსოლზე და საჭის რგოლზე ღილაკების და გადამრთველების რიცხვი მინიმალურია. მათ ფუნქციებს ინფოტაინმენტ სისტემა და მისი სენსორული ეკრანი ასრულებს.
კაბინაში ავტომობილის სტრუქტურის ცალკეული ელემენტები ოსტატურად არის ინტეგრირებული. აქვე არაერთი შესანახი სექციაა, რომლებიც სხვადასხვა ზომის საგნებისთვისაა. სიახლეა სავარძლების წინა რიგის შუა დასაკეცი სავარძელი, რომელიც პირველი გამოშვების „დიფენდერ 90-ისთვის“ სტანდარტულია, „დიფენდერ 110-ის“ მყიდველს კი ოპციით შესთავაზებენ.

ამ სავარძლის წყალობით, „დიფენდერ 90“ ექვსი ადამიანის გადაყვანას შეძლებს, „დიფენდერ 110-ის“ სავარძლების ფორმულა 5+2-ს კი ერთიც დაემატება და მაშინ ამ ავტომობილით მგზავრობას რვა ადამიანი შეძლებს. თუ ის საჭირო არაა, მაშინ დაკეცავთ და ხელის საყრდნობად გამოიყენებთ, რაც შორეული მოგზაურობისას ზედმეტად სულაც არ მოგეჩვენებათ. იმავდროულად, დაკეცილი სავარძელი დამატებითი შესანახი სექცია ხდება, ჭიქის ორი სადგამით. „დიფენდერ 90-ის“ მყიდველს ოპციის სახით, ნაჭრის დასაკეც სახურავსაც შესთავაზებენ.
ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია ფერთა სამი კომბინაცია და ტყავის და მტკიცე ქსოვილების ფართო არჩევანი. იმ ადგილებში, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად ცვდება, შესაძლებელია მაღალი სიმტკიცის დეციტექსის ბოჭკოს გამოყენება. HSE ვერსიებზე გამოყენებული უინძორის მაღალი კლასის ტყავი, რომელსაც პრემიუმ ტექსტილი სტილქატი უხამდება.

შესანიშნავი მონაცემები უგზოობისთვის
„დიფენდერს“ მოეთხოვება, რომ ცუდ გზებზე შეუდარებელი იყოს. და როგორც „ლენდ როვერი“ გვამცნობს ასეცაა, რასაც ალუმინის D7x პლატფორმა უზრუნველყოფს. ავტომობილის ძირი გზის საფარიდან 291 მილიმეტრით არის დაშორებული, წინა და უკანა გადმონაშვერების შესვლის და გამოსვლის კუთხეები შესაბამისად, 38 და 40 გრადუსია. ამასთან, „დიფენდერ 110-ს“ 900 მილიმეტრი სიღრმის თხრილის (მდინარის, წყალსატევის) გადალახვაც შეუძლია.
D7x პლატფორმას მონოკოკური სტრუქტურა აქვს და გარდა იმისა, რომ არის მსუბუქი, „ლენდ როვერის“ ისტორიაში ყველაზე მეტი სიმტკიცითაც გამოირჩევა. მისი სიმტკიცე დაახლოებით სამჯერ აღემატება ტრადიციულ ჩარჩო-სტრუქტურაზე დაფუძნებული ავტომობილებისას. ასეთი სტრუქტურა შესანიშნავ ბაზისს ქმნის სრულად დამოუკიდებელი საკიდარისთვის, ორსაფეხურიანი სატრანსფერო კოლოფისთვის და მუდმივი სრული მოდებისთვის. ძლიერი სტრუქტურა ასევე აუმჯობესებს ავტომობილის საბუქსურე თვისებებს - ახალ „დიფენდერს“ 3 720-კილოგრამიანი მისაბმელის ტარება შეუძლია.
ახალ „დიფენდერზე“ შედგა სისტემა „ტერეინ რისპონსის“ ახალი, კონფიგურირებადი ვერსიის დებიუტი. მისი მეშვეობით, მანქანის მომართვა, იმ გზის შესაბამისად არის შესაძლებელი, რომლის გავლაც გიწევთ. გარდა ამისა, უგზოობის ტექნოლოგიებს შორისაა გაზრდილი ხახუნის ცენტრალური და უკანა დიფერენციალები, რომლებიც სენსორული ეკრანის მეშვეობით აქტიურდება. ამავე ეკიპირებაშია თხრილის სიღრმის სენსორი, ოლტერეინ პროგრეს კონტროლი, ასევე მანქანის ქვეშ სივრცის ხედვის სისტემა ქლეარსაით.
გარდა ამისა, სხვადასხვა რეჟიმებში მუშაობს და შესაბამისად, რეგულირდება აქსელერატორი, გადაცემათა კოლოფი, საჭის სისტემა და ტრექშენ კონტროლის სისტემა.

შიდაწვის ძრავები და ჰიბრიდული აგრეგატი
ახალი „დიფენდერის“ ძრავების გამაში რამდენიმე აგრეგატია. მათგან ორი დიზელია, ერთი ბენიზინის და ერთიც - მსუბუქად ჰიბრიდული. ბენზინის ძრავი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოა, რომელის მარკირებაა P300. ის 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 8.1 წამში აჩქარებს.
ჰიბრიდული აგრეგატის (P400) მთავარი ნაწილი, ბენზინის 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავია, რომელსაც ორხვეულიან ტურბო კომპრესორთან ერთად, 48-ვოლტიანი ელექტრული დამჭირხნიც ემსახურება. ჰიბრიდი 400 ცხენის ძალას და 550 ნიუტონმეტრს გამოიმუსავებს. მისი მეშვეობით, „დიფენდერს“ ადგილიდან ასის მიღწევა 6.1 წამში შეუძლია. ორივე შემთხვევაში, შიდაწვის ძრავთან წყვილში ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია და ორსაფეხურიანი სატრანსფერო კოლოფი მუშაობს.
დიზელის ორივე ძრავი (D200 და D240), ევროპული და აშშ-ის გარდა, ყველა დანარჩენი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ორივეს მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია. მათგან D200 „დიფენდერს“ 200 ცხენის ძალას აძლევს, D240-ის სიმძლავრე კი 240 ცხენის ძალას აღწევს. მომავალ წელს მყიდველს ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „დიფენდერის“ საშუალებაც მიეცემა.
2020 სამოდელო წლის „დიფენდერი“ რამდენიმე ვერსიის სახით არსებობს. ესენია: „დიფენდერ S“, „დიფენდერ SE“, „დიფენდერ HSE“, „დიფენდერ X“ და „დიფენდერ ფირსტ ედიშენ“ (პირველი გამოშვება).

No comments:

Post a Comment