დაახლოებით ერთი თვეღა დარჩა ახალი „დიფენდერის“
მსოფლიო პრემიერამდე. ავტომობილი უკვე მზადაა, საავტომობილო სამყაროც, მაგრამ
ყველას უფრო ადრე აინტერესებს ინფორმაცია ამ ლეგენდარული ავტომობილის სიახლეების,
დიზაინის და ყველაფრის შესახებ. ეს ინფორმაციაც, ავტორიტეტული გამოცემების მიერ,
თანდათან ვრცელდება.
მაგალითად, სატესტო პროტოტიპების გამოცდისას,
გამოცემა „ტოპ გიარმა“ შეიტყო, რომ ამ ავტომობილის მყიდველს ოპციის სახით, პნევმატურ
საკიდარსაც შესთავაზებენ. გამოცემის ინფორმაციით, საკიდარის სიმაღლე რეგულირებადი
იქნება და მისი მეშვეობით, ავტომობილს უგზოობისას საუკეთესო მახასიათებლები
ექნება. მაგრამ სტანდარტულ ეკიპირებაში, ზამბარიანი საკიდარი შევა.
ახალი „დიფენდერის“ გამძლეობის და საიმედობის
პროგრამის შეფი ენდი დიკსი ამბობს, რომ პნევმოსაკიდარი აქტიურია. მისივე თქმით,
პნევმატური სისტემა თავად აკონტროლებს ამორტიზატორების შიგნით არსებულ
ტემპერატურას და მოძრაობისას ცვლის საკიდარის პარამეტრებს.
დიკსისვე თქმით, „ლენდ როვერმა“ ახალი „დიფენდერის“
200-ზე მეტი სატესტო პროტოტიპი, მთელს მსოფლიოში გამოსცადა და მისმა ყველა კვანძმა
და აგრეგატმა, უმძიმეს პირობებში საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინა. ტესტების
დროს, ახალი „დიფენდერის“ ერთმა ეგზემპლარმა, ორი თვე გაატარა საბურღი დანდგარის
პლატფორმაზე. დანადგარი ამ ორი თვის განმავლობაში მუდმივად მუშაობდა და ძლიერ
ვიბრაციებს ავტომობილს გადასცემდა. ასეთი ტესტებისას ავტომობილმა დაახლოებით
ისეთივე დატვირთვებს გაუძლო, რომლებიც 10-წლიანი ექსპლუატაციის და 241 000
კილომეტრის გავლის ტოლფასი იყო.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ
ახალი „დიფენდერი“ თავის წინამორბედთან შედარებით, ასფალტიან გზებზე უფრო
კომფორტული უნდა იყოს. „იმისათვის, რომ გლობალური ავტომობილი შევქმნათ, ის ბევრი
განსხვავებული ბაზრის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ახლო
აღმოსავლეთში, ევროპისგან, ჩინეთისგან და ამერიკისგან განსხვავებული პარამეტრებია
საჭირო. ძველი „დიფენდერი“ მკვრივია და მისი სწრაფად მართვა არაა კომფორტული.
ახალი კი პირიქით, კომფორტულია. და იმავდროულად, გამძლე და საიმედოცაა“, - ამბობს
დიკსი.
უკვე
ცნობილია ისიც, რომ ახალი „დიფენდერი“ 90, 110 და 130 ვერსიების სახით დამზადდება
და 6 სხვადასხვა ძალური დანდგარით აღიჭურვება.
No comments:
Post a Comment