„იაგუარ F-პეისი“ ბრიტანული კომპანიის ყველაზე
გაყიდვადი ავტომობილია. შარშან ევროპაში ამ ავტომობილის 23 520 ეგზემპლარი
გაიყიდა, შეერთებულ შტატებში კი - 14 752. ამგვარად, მისი გაყიდვები XE-ს და XF-სას
სჭარბობს და ბუნებრივია, „იაგუარი“ თავისი სამოდელო გამის შემდგომ გაფართოებას,
პირველ რიგში, ქროსოვერების ხარჯზე გეგმავს.
კომპანია ჯერჯერობით სამომავლო გეგმებს არ ახმაურებს,
თუმცა მათ შესახებ, კონკურს მსოფლიოს ავტომობილის ჟიურის წევრებს მოუთხრო,
რომლებიც სპეციალურად ამისთვის მიიწვია. მათ კომპანიის 2020 და შემდგომ წლებში
გამოსაშვები ავტომობილები გააცნეს. მათ შორისაა XE-ს და „F-პეისის“ შემცვლელები,
ასევე სრულად ელექტრული XJ.
კონკურსის ჟიურის წევრებს ასევე წარმოდგენა
შეუქმნეს რამდენიმე სრულიად ახალ ავტომობილზე, მათ შორის, ქროსოვერ „J-პეისზეც“,
რომელიც კომპანიის ტოპ ქროსოვერი გახდება. ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს
ავტომობილი კონკურენციას „ბეემვე X7-ს“ და „მერსედეს GLS-ს“ გაუწევს.
„J-პეისი“ კომპანიის ახალ, MLA პლატფორმაზე აიგება,
რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერი“ პირველად უახლეს „დიფენდერზე“ გამოიყენებს.
პლატფორმა უნივერსალურია და მასზე შესაძლებელია როგორც შიდაწვის, მსუბუქად ჰიბრიდული
და პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატების, ასევე ელექტრული ძალური დანადგარის დაყენება.
გარდა ამისა, „იაგუარი“ მომცრო ქროსოვერის
გამოშვების მიზანშეწონილებასაც განიხილავს, რომელსაც სახელად „A-პეისი“, ან „B-პეისი“
დაერქმევა. მისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, ის კომპანიის ყველაზე
ხელმისაწვდომი ქროსოვერი გახდება.
No comments:
Post a Comment