Monday, July 8, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ ელექტრიფიცირებულ მოდელებს ქესტლ ბრომვიჩში გამოუშვებს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ თავის ქესტლ ბრომვიჩის ქარხანაში ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს გამოუშვებს. მათ შორის იქნება შემდეგი თაობის ლუქს კლასის სედანი „იაგუარ XJ“, რომელსაც მყიდველს მხოლოდ ელექტრომობილის სახით შესთავაზებენ.


ბრიტანული კომპანია არ აკონკრეტებს სხვა ელექტრიფიცირებულ მოდელებს, რომელთა წარმოებასაც ქესტლ ბრომვიჩში გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის იქნება „რეინჯ როვერი“ და „იაგუარ F-ტაიპი“. ეს განცხადება ზუსტად დაემთხვა იმ დღეს, როცა ბრიტანულმა კომპანიამ ახლანდელი თაობის XJ-ის წარმოება შეწყვიტა. „იაგუარ ლენდ როვერი“ გვპირდება, რომ ახალი მოდელი წინამორბედების ღირსეული შთამომავალი იქნება და მყიდველს „მშვენიერი დიზაინით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ფუფუნებით მოხიბლავს“.
ელექტრული XJ-ს ინჟინერთა იგივე გუნდი ამზადებს, რომლებმაც კომპანიის პირველი ელექტრომობილი - „I-პეისი“ შეიმუშავეს. ელექტრული სედანი „იაგუარ ლენდ როვერის“ შემდეგი თაობის მოდულურ გრძივ არქიტექტურაზე (MLA) აიგება, რომელსაც ძირითადად ელექტრული და ჰიბრიდული მოდელებისთვის გამოიყენებენ. ამ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელი იქნება დიზელის და ბენზინის აგრეგატების გამოყენება.
„იაგუარ ლენდ როვერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, MLA პლატფორმაზე ბაზირებული ელექტრომობილები, ელემენტების 90.2-კილოვატსაათიანი  ბლოკით აღიჭურვება. მისი მეშვეობით, ავტომობილები ერთი სრული დამუხტვით, 470 კილომეტრამდე გაივლიან. ამავე არქიტექტურაზე შემუშავებული პლაგ-ინ ჰიბრიდები კი 13.1-კილოვატსაათიანი ელემენტებით აღიჭურვება, რაც 50 კილომეტრამდე გავლისთვის იქნება სამყოფი.
ქესტლ ბრომვიჩის ქარხნის მოდერნიზება მალე დაიწყება. ის იმ ტექნოლოგიებით და დანადგარებით აღიჭურვება, რომლებიც MLA პლატფორმის წარმოებისთვის იქნება საჭირო. გარდა ამისა, ჰემს ჰოლში მომავალ წელს დაიწყება ელემენტების ბლოკების წარმოება. მისი წლიური წარმადობა 150 000 დანადგარს მიაღწევს. ვულვერჰემპტონის ძრავების ქარხანაში კი ელექტრულ ამძრავ სისტემებს გამოუშვებენ.
„იაგუარ ლენდ როვერი“ მომავალი წლიდან მომხმარებლებს თავისი ყველა მოდლის ელექტრიფიცირებული ვერსიის შეთავაზებას დაიწყებს.

No comments:

Post a Comment