„იაგუარ ლენდ როვერი“ მუშაობს სისტემაზე, რომელსაც
ადამიანის, კერძოდ კი მძღოლის ხასიათის გამოცნობა შეუძლია. კომპანიის განცხადებით,
სისტემაში გამოყენებულია კამერა, რომელიც მძღოლს უყურებს, ასევე ბიომეტრიული
სენსორები და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც კამერისგან და
სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს.
მუშაობის პროცესში, სისტემას სტრესის ხარისხის
დადგენა შეუძლია, რის შესაბამისადაც ცვლის კლიმატ კონტროლის პარამეტრებს, სივრცულ
განათებას და აუდიო სისტემას. კომპანია ირწმუნება, რომ განათების სისტემას,
სტრესის შემცირება და მოხსნაც კი შეუძლია. იგივე ეფექტს იძლევა შესაფერისი
დამამშვიდებელი მუსიკის ჩართვა და ტემპერატურის შემცირება.
საინტერესოა, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“ ამ სისტემას
მხოლოდ მძღოლებისთვის არ ამზადებს. მას უკანა მგზავრებზეც ცდიან. ამ შემთხვევაში,
კამერები წინა სავარძლების უკან არის განლაგებული. და თუ წინა სისტემას, მძღოლის
გამოფხიზლებაც აკისრია, უკანა პირიქით, შუქის სიმკვეთრის დაკლებით, ფანჯრების
დამუქებით და ტემპერატურის აწევით, დაძინებაში შეგიწყობთ ხელს.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერი“ ამბობს, ეს ტექნოლოგია
არის პროგრამა „მშვიდი თავშესაფრის ხედვის“ ნაწილი, რისი მიზანიც, მართვის
გაუმჯობესება და ლუქს კლასის ავტომობილის სალონში, მშვიდი გარემოს შექმნაა. ეს
ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ მძღოლი
მუდმივად ყურადღებით და ფრთხილად იყოს და აკონტროლებდეს ავტომობილს.
„იაგუარ ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ სისტემა მძღოლის
ხასიათს დროთა განმავლობაში შეისწავლის და თავის მუშაობაში, შესაბამის კორექტივებს
შეიტანს. როგორც კომპანიის შეკვეთით შესრულებული კვლევა აჩვენებს, ყოველდღიურად
ადამიანების 74 პროცენტი ღებულობს სტრესს, ან არის გადატვირთული, რაც მის
ქმედუნარიანობას აუარესებს. და ეს რა თქმა უნდა, ავტომობილის მართვის ხარისხზეც
აისახება.
No comments:
Post a Comment