„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა
რალფ სპეტმა განაცხადა, მართალია მის კომპანიას რთული ფინანსური პერიოდი აქვს, მაგრამ
უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ის იყიდება.
დოქტორი სპეტი გამოცემა „ავტო ექსპრესს“, მსოფლიოს წლის
ავტომობილის ცერემონიაზე ესაუბრა და განუცხადა, რომ ფინანსური პრობლემები არ ნიშნავს
იმას, რომ ავტომწარმოებელი იყიდება. უფრო მეტიც, მისი თქმით, ახლო წარსულში ისეთ
კომპანიებს, როგორებიცაა „პეჟო-სიტროენი“ და „ფიატ-კრაისლერი“, რთული მდგომარეობა
ჰქონდათ და „იაგუარ ლენდ როვერს“ სურვილი რომ ჰქონოდა, მათ შეიძენდა.
„დღეს საქმე მარტივადაა. იაგუარ ლენდ როვერი არ
იყიდება. ჩვენ ინდური ტატას მფლობელობაში ვართ. და ყველაფერი ასევე დარჩება. ტატა,
იაგუართან და ლენდ როვერთან ერთად ლიდერია. საუკეთესო პროდუქციას აწარმოებს, რომლებსაც
მსოფლიოს წლის ავტომობილის კონკურსზე, ბოლო სამ წელიწადში, ჯამში ექვსი ჯილდო აქვთ
მოპოვებული“, - ამბობს დოქტორი სპეტი.
ბრიტანული კომპანია ყველაზე მეტად იმ გარემოებამ
დააზარალა, რომ ევროპასა და მთელს მსოფლიოში, სულ უფრო მეტად კლებულობს დიზელის
აგრეგატების პოპულარობა. არადა, „იაგუარ ლენდ როვერს“ ამ მიმართულებით დიდი
ინვესტიციები აქვს გაღებული. გარდა ამისა, კომპანია ახალი მოდლების და ტექნოლოგიების
ათვისებაშიც მილიარდებს ხარჯავს. გარდა ამისა, კომპანიაზე უარყოფითად აისახება
ბრექსიტთან დაკავშირებული პრობლემები და ჩინეთ-აშშ-ის სავაჭრო ომი, რომელიც გლობალურ
ეკონომიკას ძლიერ აზარალებს.
No comments:
Post a Comment