Tuesday, June 25, 2019

„იაგუარ XE SV პროჯექტ 8“ უკანა ფრთის გარეშე

„იაგუარმა“ თავის პოპულარულ სედან „XE SV პროჯექტ 8-ს“ კიდევ უფრო ექსკლუზიური ვერსია „ტურინგი“ შეიმუშავა მათთვის, ვისაც სურს, რომ საერთო სარგებლობის გზებზე, უსწრაფესი სედანით იაროს და იმავდროულად, ნურბურგრინგზეც ინავარდოს. ახალი ავტომობილი იმით გამოირჩევა, რომ მას არ აქვს უკანა დიდი ფრთა.
ახალი ვერსიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ესაა - კარბონის უკანა რეგულირებადი ფრთა, უბრალო სპოილერმა შეცვალა. გარდა ამისა, მას ფიქსირებული წინა სპლიტერი აქვს, რაც აეროდინამიკური ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება.
ავტომობილის კაპოტქვეშ განლაგებულია 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც 600 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია მუშაობს. ყველა ბორბალი წამყვანია. ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ის დონეზე არის შეზღუდული. შედარებისთვის, „ნორმალურ“, ფრთიან ვერსიას მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ აქვს.
ცნობისათვის, ფრთიანმა „იაგუარ XE SV პროჯექტ 8-მ“ 2017 წელს ნურბურგრინგზე სედანების რეკორდული დრო (7 წუთი და 21.23 წამი) დააფიქსირა, რომელიც წინა რეკორდზე 11 წამით ნაკლებია.
„იაგუარი“ სედანის „ტურინგ“ ვერსიის მხოლოდ 15 ეგზემპლარს დაამზადებს. მათთვის ოთხი ფერია შერჩეული. ესენია: ფორთოხლისფერი (ვალენსია ორენჯ), ლურჯი (ველოსიტი ბლიუ), ნაცრისფერი (კორის გრეი სატინ) და მწვანე (ბრიტიშ რეისინგ გრინ). კომპანია შეკვეთებს მთელი მსოფლიოდან ელის.

No comments:

Post a Comment