Friday, May 31, 2019

„იაგუარის“ ახალი ელექტრომობილები „I-პეისის“ რეცეპტით დამზადდება

„იაგუარის“ დიზაინის შეფი იან ქელუმი ამბობს, რომ კომპანიის შესვლა ელექტრომობილების სეგმენტში, მისთვის საუკეთესო გამოწვევა იყო იმისათვის, რომ შეემუშავებინა ისეთი სტილი, რომელიც სეგმენტის სხვა ავტომობილებისგან გამორჩეული იქნებოდა. მისი თქმით, ეს განსაკუთრებული ამოცანა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრომობილები სულ უფრო ერთმანეთს.

„თქმა არ უნდა, ეს გამოწვევა იყო, რადგან უახლოეს მომავალში ელექტრომობილები სულ უფრო მეტად დაემსგავსებიან ერთმანეთს, რადგან მათი აგებულება და აღჭურვილობა მსგავსია“, - ამბობს ქელუმი და დასძენს, რომ „იაგუარის“ შემდგომი ელექტრომობილებიც, გარეგნულად ყველასგან განსხვავებული იქნება.
„როდესაც ელექტრომობილს ქმნი, გჭირდება ელექტრო ძრავი, დენის გარდამქმნელი და ელემენტების ბლოკი, რომლებიც ერთმანეთთან სადენებით არის დაკავშირებული და არა მეტალის დეტალებით, რაც შესაძლებლობებს ქმნის. ეს კი ნიშნავს, რომ შეგიძლია გამოიჩინო კრეატიულობა და შექმნა ტრადიციულისგან განსხვავებული რამ“, - დასძენს ქელუმი.
ამის ერთი მაგალითია ის, რომ ელექტრომობილში არ გვაქვს შიდაწვის ძრავი, რაც სალონის დაპროექტებისას, მეტი სივრცის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ დროს კი ავტომობილი შეიძლება გარეგნულად შუაძრავიან სუპერ ავტომობილს დაამსგავსო. და მაინც, ქელუმი ამბობს, რომ ელექტრომობილების უპირატესობას ელემენტების ბლოკი ამცირებს, რომელიც დიდ ადგილს იკავებს და დიზაინერებს სივრცეს უმცირებს. ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება ბორბლებს შორის ბაზის გაზრდა გახდეს.
ქელუმი ასევე განმარტავს, თუ რატომ გააკეთეს „I-პეისი“ ქროსოვერის ფორმით და არა სერდანის, ან ჰეჩბეკის ძარით. ამის მიზეზი, ელემენტების ბლოკის სიმაღლეა, რაც 130 მილიმეტრს აღწევს.
მან ასევე პირობა დადო, რომ კომპანის ახალი ელექტრომობილები, დიზაინის მხრივ ასევე გამორჩეულები იქნება: „როდესაც იაგუარს ქმნი, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სწრაფი და ამის შემდეგ, ლამაზი ავტომობილი. სილამაზეს ვუყურებ, როგორც ფუნქციას. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ელექტრომობილები უცნაურად ან განსხვავებულად უნდა გამოიყურებოდეს. ეს ავტომობილი (I-პეისი) განსხვავებულია
სწორი მიზეზების გამო - იმის გამო, თუ როგორი აგებულება აქვს მას. ავტომობილში ინოვაციებზე 10 პროცენტი უნდა მოდიოდეს. თუ ეს წილი 100-ს მიაღწევს, მაშინ მომხმარებლებს დაკარგავთ“, - დასძენს ქელუმი და აქებს „ტესლას“, რომელმაც „მოდელ S“ სწორედ ამ პრინციპით დაამზადა.

No comments:

Post a Comment