გარეგნულად, ის პირველი „დისქავერი სპორტის“
ევოლუციური ვერსიაა. სიახლეები მინიმალურია, თუმცა ამის მიუხედავად, ავტომობილი
უფრო ელეგანტური გახდა. ახალია ბამპერები და შეცვლილი სტილის LED ფარები. განახლდა
რადიატორის ცხაური და ბორბლები, რომელთა ზომებიც, 18-დან 21 დუიმის დიაპაზონშია.
სალონში მთავარი სიახლეა საჭის რგოლი, რომელსაც
სამი წკირი აქვს და გადაცემების გადამრთველი. განახლდა ცენტრალური კონსოლი.
სალონის გასაწყობად, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. ახალია
მაჩვენებლების დაფის ციფრული კლასტერი, რომელიც უფრო თანამედროვე, 10-დუიმიან „ტაჩ
პრო“ ინფოტაინმენტ სისტემას მოიცავს.
ახალი სავარძლები უკეთეს კომფორტს უზრუნველყოფს.
სავარძლების შუა რიგი დასაკეცია, სავარძლების ფორმულაა 40:20:40. საერთო ჯამში,
მათი განლაგების 24 კონფიგურაციაა ხელმისაწვდომი. მათ დასამზადებლად, ახალი
მდიდრული მასალა გამოიყენეს, რომელიც გადამუშავებული მოლიესტერის მიკრობოჭკოსგან
მზადდება. როგორც „ლენდ როვერი“ ამბობს, ეს რბილი, მსუბუქი, გამძლე და გაგლეჯვისადმი
მედეგი მასალაა.
გარდა ამისა, ოპციის სახით, მომხმარებლებს ბევრ
რამეს შესთავაზებენ. მათ შორის, წინა სავარძლებს მასაჟორებით, სმარტფონის უსადენო
დასამუხტს და ძაღლებისთვის სპეციალურ პაკეტსაც კი.
განახლებული „დისქავერი სპორტი“ ეკიპირებულია უკანა
ხედვის სარკით, რომელსაც „სუფთა უკანა ხედს“ უწოდებენ. შესაბამის ღილაკზე დაჭერის
შემდეგ, სარკე HD ეკრანად გარდაიქმნება და უკანა შუშის ზედა ნაწილში დამაგრებული
კამერისგან მიღებულ გამოსახულებას გიჩვენებთ. ეს სისტემა სარკეზე მეტ სივრცეს
გიჩვენებთ და ცუდი განათების შემთხვევაშიც კი, მკვეთრ გამოსახულებას იძლევა.
ამასთან, თუ სალონში დიდი ზომის ბარგი გაქვთ, რომელიც სარკეს ეფარება, ეკრანი ამ
ბარგის გამოსახულებასაც მოაშორებს. გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს,
შეუკვეთოს სისტემა „ქლეარსაით გრაუნდ ვიუ“. ის მანქანის ქვეშ არსებული სივრცის
გამოსახულებას იძლევა, რაც ცუდ გზებზე მოძრაობისას დაგეხმარებათ.
ნათესავი „რეინჯ როვერ ევოუკის“ მსგავსად, განახლებული
„დისქავერი სპორტიც“ განივ არქიტექტურაზეა აგებული, რომელიც წინამორბედ D8 პლატფორმის
დახვეწილი ვერსიაა. ახალი პლატფორმა წინამორბედზე 13 პროცენტით მტკიცეა, რაც
კრიტიკულ ადგილებში, დამატებითი სუბ-ჩარჩოების დამატებით გახდა შესაძლებელი. გარდა
ამისა, ახალი პლატფორმა სალონში ხმაურის და ვიბრაციის შეღწევასაც ამცირებს.
ძრავების არჩევანი ფართოა. მასში შევიდა ბენზინის
და დიზელის 2.0-ლიტრიანი ტურბო აგრეგატები, ასევე საშუალო ჰიბრიდული სისტემა. ყველა
ძრავს ტურბინა ემსახურება. მათ შორის, არის ვერსიები, რომლებზეც ძრავი ორხვეულიანი
ტურბინითაა ეკიპირებული. მათი სიმძლავრე 150-დან 249 ცხენის ძალამდეა, მაქსიმალური
მომენტი კი - 320-დან 500 ნიუტონმეტრამდე. ტრანსმისია მეტწილად სრულ ამძრავიანია, მექანიკური
და ავტომატური კოლოფებით.
როდსაც ავტომობილის სიჩქარე 17 კმ/სთ-ზე დაბალია და
მძღოლი მუხრუჭებს დააჭერს ფეხს, ძრავი ითიშება და ამ დროს, ენერგიის აღდგენის
სისტემა, შენელების ენერგიას ელექტრულად გარდაქმნის და მას ელემენტებში ინახავს.
ამ ენერგიის გამოყენება კი მაშინ ხდება, როცა ძრავი აჩქარების რეჟიმში მუშაობს, ან
ზედმეტად დატვირთულია. ამგვარად მცირდება საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის
შემცველობა.
WLTP პროცედურის შესაბამისად, ჰიბრიდული ვერსიების მიერ
საწვავის მოხმარება, 6.9 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში
მხოლოდ 144 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა. მოგვიანებით, ძრავების გამას პლაგ-ინ
ჰიბრიდული აგრეგატი დაემატება, რომელშიც სერია ინჯენიუმის (ბენზინის) სამცილინდრიანი
ძრავი შევა.
„ლენდ
როვერმა“ განახლებული „დისქავერი სპორტის“ გაყიდვები ბრიტანულ ბაზარზე უკვე დაიწყო
და დანარჩენ ქვეყნებშიც თანდათან შეიტანს.
No comments:
Post a Comment