ძრავების და ძალური დანადგარების საერთაშორისო
კონკურსზე, „იაგუარ I-პეისმა“ სამი ჯილდო დაიმსახურა. „იაგუარის“ პირველ
ელექტრომობილს საუკეთესო ელექტრული ძალური დანადგარის, საუკეთესო ახალი ძრავის და 350-450
ცხენის ძალის მქონე ძრავებში საუკეთესოს წოდებები მიენიჭა.
კონკურსის შედეგები შტუტგარტში, ძრავების ექსპოსა
და ძალური დანადგარების ტექნოლოგიების ერთობლივ შოუზე გამოაცხადეს. კონკურსის
ჟიურიში 31 ქვეყნის საავტომობილო ჟურნალისტიკის 70 ექსპერტი შედიოდა. მათი
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია მახასიათებლები, მართვადობა, ენერგიის ხარჯის
ეფექტურობა და დახვეწილობა.
ეს სამი ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა არამხოლოდ
ავტომობილისა, რომელსაც უკვე არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, არამედ მისი
შემქმნელების შესაძლებლობებისა.
„I-პეისი“ ეკიპირებულია 90-კილოვატსაათიანი
ელემენტების ბლოკით, რომელიც ერთი სრული დამუხტვით, 470 კილომეტრის გავლის
საშუალებას (WLTP სტანდარტით) იძლევა. დაცლილი ელემენტების 100-კილოვატიანი
სისტემით, 80 პროცენტით შევსებას 40 წუთი ჰყოფნის, 7-კილოვატიანი სისტემით სრულად
დამუხტვას კი 10 საათი სჭირდება.
ავტომობილი ენერგიის დაზოგვის და მოპოვების არაერთი
ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. მაგალითად, ავტომობილს შეუძლია ელემენტების ბლოკის
ტემპერატურის აწევა, ან დაწევა, რითაც მათში დაგროვილი ენერგიის ეფექტურად
გამოყენებას უზრუნველყოფს. სითბოს ტუმბოს, ავტომობილის გარეთ არსებული აირისგან
შეუძლია ენერგიის მოპოვება მაშინაც, როცა ტემპერატურა ნულს ქვემოთაა. ეს ენერგია
ბევრი არაა, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ მაგალითად, კლიმატ კონტროლი ამუშაოს.
მასვე იმ თბური ენერგიის ათვისებაც შეუძლია, რომელსაც ძალური დანადგარი და
მუხრუჭები გამოჰყოფს. ამ ენერგიას კი სალონის გასათბობად იყენებს და ამგვარად,
ელემენტებში არსებულ ენერგიას ზოგავს.
ელემენტები ორ ღერძს შორის, სალონის ქვეშ არის
განლაგებული. მათი მეშვეობით, ინჟინრებმა ღერძებს შორის წონის 50:50 პროპორციით
განაწილებას და სიმძიმის ცენტრის მაქსიმალურად დაბლა დაწევას მიაღწიეს. წინა
ორერკეტიან და უკანა მრავალბერკეტიან საკიდართან ერთად, ეს ყველაფერი ავტომობილის
საუკეთესო მართვადობას და კომფორტს უზრუნველყოფს.
მუდმივმაგნიტიანი ძრავები ტრანსმისიასთან ერთად სულ
რაღაც, 78 კილოგრამს იწონის და ძალიან კომპაქტურებია. ამის წყალობით, სალონი ფართო
და კომფორტულია. ამასთან, მისი საბარგულის მოცულობა 656 ლიტრია. ძრავები წინა და
უკანა ღერძებთან არის ინტეგრირებული, რისი წყალობითაც, ავტომობილი სრულ
ამძრავიანია და ნებისიერ საგზაო პირობებში, კარგად მანევრირებს.
„იაგუარ
I-პეისი“ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ბაზარზეა და ამ დროში, 66 პრესტიჟული ჯილდო
აქვს მიღებული, მათ შორის, მსოფლიოს 2019 წლის ავტომობილი, მსოფლიოს საუკეთესო საავტომობილო
დიზაინი, მსოფლიოს საუკეთესო მწვანე ავტომობილი, ევროპის წლის ავტომობილი,
გერმანიის, ნორვეგიის და ბრიტანეთის წლის ავტომობილი და სხვა.
No comments:
Post a Comment