Sunday, May 19, 2019

„რეინჯ როვერი“ ჰიბრიდული აგრეგატით

„ლენდ როვერმა“ თავისი ფლაგმანის, „რეინჯ როვერის“ აღჭურვილობას, მსუბუქად ჰიბრიდული აგრეგატი დაუმატა, რომლითაც უგზოობის მდიდრული ავტომობილი კიდევ უფრო ეფექტური გახდა. ჰიბრიდული სისტემის მთავარი ნაწილი, სერია ინჯენიუმის 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავია, რომელსაც ელექტრული კომპრესორიც დაემატა.

ძრავის სიმძლავრე 400 ცხენის ძალას აღწევს, მისი მაქსიმალური მომენტი კი 550 ნიუტონმეტრია. როგორც კომპანია აცხადებს, ელექტრული კომპრესორის წყალობით, ძრავს არ აქვს ეგრეთ წოდებული ტურბო ჩამორჩენა. ორხვეულიანი ტურბინის და მუდმივად ცვალებადი ფაზების მქონე გამანაწილებელი სისტემის წყალობით, გაუმჯობესებულია წვის კამერის შევსების და წვის პროცესი, რაც საწვავის ხარჯის შემცირებასა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებას იწვევს. ამასთან ძრავი უფრო დაბალანსებულად მუშაობს.
შიდაწვის ძრავთან წყვილში მუშაობს ელექტრო ძრავი, რომელსაც ავტომობილის შენელებისას ელექტრო ენერგიის გამომუშავება და ამ ენერგიის ელემენტების 48-ვოლტიან ბლოკში დაგროვება შეუძლია. ამ ენერგიის გამოყენება ხდება აქსელერატორის სატერფულზე ზეწოლისას, როცა შიდაწვის ძრავს დამატებითი მომენტი ესაჭიროება.
„ლენდ როვერის“ მონაცემებით, ამ აგრეგატით „რეინჯ როვერს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, 6.3 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ს აღწევს. 100 კილომეტრის გასავლელად, 9.3 ლიტრი ბენზინია საკმარისი, ერთი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 212 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
ჰიბრიდული აგრეგატის გარდა, „რეინჯ როვერს“ სხვა სიახლეებიც აქვს. მაგალითად, განათების სისტემა აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც საგზაო ნიშნებს აოიცნობს და იმ შუქდიოდებს თიშავს, რომლებსაც მძღოლისთვის ანარეკლის შექმნა და ამ ნიშნების დანახვაში ხელის შეშლა შეუძლია. ეს ახალი სისტემა სტანდარტულია „მატრიქს“ და „პიქსელ LED“, ფარებისთვის. ამასთან, „პიქსელ LED-ს“ ეგრეთ წოდებულ ტურისტ რეჟიმში მუშაობა შეუძლია, რა დროსაც, ის შუქის ჭავლს იმის შესაბამისად მიმართავს, თუ გზის რომელ მხარეს მოძრაობს ავტომობილი.

No comments:

Post a Comment