Thursday, May 16, 2019

„რეინჯ როვერი“ ასტრონავტებისთვის

„ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების შტო SVO-მ, „რეინჯ როვერის“ ვერსია „ასტრონავტ ედიშენ“ შეიმუშავა, რომელსაც მხოლოდ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებიც კოსმოსური ტურიზმის პიონერი კომპანიის, „ვირჯინ გალაქტიკის“ კლიენტები გახდებიან.


„რეინჯ როვერ ასტრონავტ ედიშენ“ ექსტერიერის და ინტერიერის დეკორატიული ელემენტებით გამოირჩევა. ავტომობილისთვის მხოლოდ ერთი, მუქი ლურჯი (ზერო გრავიტი ბლიუ) ფერია გამოყოფილი, რომელიც სიმბოლურად, ღამის ხას ასახავს. ფერის სახელიც სიმბოლურია - „ვირჯინ გალაქტიკი“ ტურისტებს კოსმოსში, ნულოვანი გრავიტაციის გამოსაცდელად იწვევს.


კოსმოსურ თემას აგრძელებს სპეციალური განათება, რომელიც კარის ახლომდებარე სივრცეს ისე ანათებს, რომ „ჯირჯინ გალაქტიკის“ კოსმოსურ ხომალდ „სპეისშიპ თუს“ სილუეტს გამოსახავს. გარდა ამისა, ავტომობილის ინტერიერსა და ძარაზე, რამდენიმე ადგილზე, სპეც ვერსიის ემბლემაა განლაგებული, რომელიც იმავე ხომალდის სილუეტია.
ავტომობილის სალონი კოსმოსური თემის შესაბამისად არის გაფორმებული - კოსმოსური ხომალდის ლოგოების გარდა, აქ გამოყენებულია ჭიქის ჩასადგმელების დისკოები, რომლებიც კოსმოსური ხომალდის დასაჯდომი საყრდენებისგან დამზადდა. ერთ-ერთ მათგანზე ამოტვიფრულია „ვირჯინ გალაქტიკის“ მფლობელის, ბრიტანელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის სიტყვები - „ზევით შევხვდებით“ (See you up there). მეორეზე კი კოსმოსში მოგზაურობის დეტალები. მას შემდეგ, რაც ავტომობილის მფლობელი კოსმოსში გაფრინდება, მეორე დისკოს ნაცვლად, ხისას ჩადგამენ, რომელზეც კოსმო-ტურისტის ფრენის შესახებ, სპეციფიკურ ინფორმაციას წააწერენ.

ვერსია „ასტრონავტ ედიშენ“ ბაზირებულია მდიდრულ ვერსია „რეინჯ როვერ ავტობაიოგრაფიზე“, რომელშიც უგზოობის ავტომობილის საუკეთესო მახასიათებლები, უმაღლესი დონის კომფორტთან არის შეზავებული. კაპოტქვეშ განლაგდა პლაგ-ინ ჰიბრიდული ძალური დანადგარი P400e, რომლის სიმძლავრეც 404 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატის დახმარებით, ელემენტებში დაგროვილი ენერგიის ხარჯზე, ავტომობილს 42 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამასთან, კომბინირებული რეჟიმით, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 72 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება მაღალი სიმძლავრის მქონე, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით (P525) აღჭურვილი ვერსიის შეკვეთა.

No comments:

Post a Comment