Wednesday, May 15, 2019

პრინც ჰარის ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ გააცნეს

რაც დრო გადის, სულ უფრო ახლოვდება ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ პრემიერა. ავტომობილი ტესტების ბოლო სერიას გადის და იმავდროულად, პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის. ბრიტანულმა კომპანიამ მისი ფოტოებიც კი გაავრცელა, ოღონდ მათზე ავტომობილი კამუფლირებულ ფორმაშია გამოწყობილი.

ახლახანს, „ლენდ როვერმა“ ფოტოების ახალი სერია გამოაქვეყნა, რომლებზეც „დიფენდერი“ კვლავ შენიღბულია. ოღონდ, ის ინვიქტუს თამაშების სიმბოლოებითაა გაფორმებული. ბრიტანული კომპანია ამ თამაშების სპონსორია, თამაშებისა, რომლებსაც საფუძველი პრინცმა ჰარიმ ჩაუყარა.
სწორედ პრინცს წარუდგინეს ინვიქტუსის (თამაშები, რომლებშიც დაჭრილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყოფილი სამხედროები და მათთან გათანაბრებული პირები მონაწილეობენ) თამაშების სიმბოლოებით გაწყობილი „დიფენდერი“, რომლითაც ის ქალაქ ჰააგაში (ჰოლანდია, 2020 წლის ინვიქტუსის მასპინძელი), თამაშების ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„მოხარული ვართ, რომ აშშ-ის, კანადის და ავსტრალიის შემდეგ, ინვიქტუს ტამაშები ევროპას უბრუნდება. და ვამაყობ იმით, რომ თამაშების მონაწილეები იქნებიან მსოფლიოში პირველთა შორის, რომლებსაც ახალი „დიფენდერის“ მრთვის საშუალება მიეცემათ“, - განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა რალფ სპეტმა.
პრინცი ახალი ავტომობილის წარდგენას, ინვიქტუსის თამაშების ჰოლანდიელ მედალოსან ჯეკ პასტორასთან ერთად დაესწრო. ისინი „რეინჯ როვერ სპორტზე“ დაყენებულ უახლეს ტექნოლოგიას, „მობილურ კარს“ გატესტავენ, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის, ავტომობილში ჩაჯდომის გასაადვილებლად შეიმუშავა.
ინვიქტუსის 2020 წლის თამაშები ჰააგაში მერმისს, 9-16 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 19 ქვეყნის დაახლოებით 500 ყოფილი სამხედრო (ორივე სქესის) მიიღებს.

No comments:

Post a Comment