„იაგუარ ლენდ როვერმა“ 2018/19 ფისკალური წლის გაყიდვების
მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე 578 915
ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია.
წლის განმავლობაში კომპანიამ ელექტრული „იაგუარ I-პეისის“
წარმოება დაიწყო, ბაზარზე პირველი სრული წელი გაატარეს „რეინჯ როვერ ველარმა“ და „იაგუარ
E-პეისმა“. გამოვიდა განახლებული „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“. ბაზარი
დატოვა პირველი თაობის „რეინჯ როვერ ევოუკმა“. კომპანიის გაყიდვებზე კი უარყოფითად
იმოქმედა ჩინური ბაზრის კლებამ.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გაყიდვები მნიშვნელოვნად
გაზარდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მატებამ 8.1 პროცენტს მიაღწია. აღსანიშნავია,
რომ კომპანია ამ ბაზარზე გაყიდვებს უკვე ზედიზედ ცხრა წელია, ზრდის. გაყიდვები
გაიზარდა ბრიტანეთში (8.4 პროცენტით). ჩინეთში კი კლებამ 34.1 პროცენტს მიაღწია,
რაც ამ ბაზრის მკვეთრი კლების გამო მოხდა. გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა
ევროპაში, რაც დიზელის ძრავებზე მოთხოვნის კლებამ განაპირობა.
ცალკე აღებული, „იაგუარის“ გაყიდვებზე 180 198
ავტომობილი მოდის, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით მეტია. უფრო მეტიც,
ბრენდის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. გაყიდვების ზრდა „E-პეისმა“ უზრუნველყო.
პოპულარობით სარგებლობს კომპანიის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი „I-პეისი“,
რომელმაც ახლახანს ევროპის წლის ავტომობილის ტიტული მოიპოვა. ეს ამ კონკურსში „იაგუარის“
პირველი გამარჯვებაა.
რაც
შეეხება „ლენდ როვერს“, მისმა გაყიდვებმა 398 717 ავტომობილი შეადგინა, რაც წინა
წლის მაჩვენებელზე 9.3 პროცენტით ნაკლებია. ჩინური ბაზრის კლების გარდა, ბრენდის
გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა იმანაც, რომ ბაზარი დატოვა ყველაზე გაყიდვადმა მოდელმა,
„რეინჯ როვერ ევოუკმა“. მეორე თაობის მოდელის პრემიერა ნოემბერში შედგა, მისი გაყიდვები
კი წელს დაიწყო.
No comments:
Post a Comment