Saturday, March 23, 2019

„ლენდ როვერ დიფენდერი“ ნურბურგრინგზეც ვარჯიშობს

„ლენდ როვერი“ მალე ახალი „დიფენდერის“ წარმოებას დაიწყებს. მანამდე კი ლეგენდარული ავტომობილის ახალი თაობა, მთელს მსოფლიოში, ურთულეს პირობებში გადის გამოცდებს, რომლებზეც პირველად გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. ტესტების ერთ-ერთ პოლიგონად, „ლენდ როვერი“ ლეგენდარული ნურბურგრინგის ტრეკის ჩრდილოურ მარყუჟს იყენებს, სადაც მისი ჩქაროსნული თვისებები მოწმდება.


ეს კი მნიშვნელოვან რამეზე მეტყველებს: თუ ადრე „დიფენდერისგან“ არავინ ელოდა ასფალტზე კარგ თვისებებს, ამჯერად კომპანია საკუთარ ინჟინრებს სხვა მოთხოვნებს უყენებს. „მცველი“ საუკეთესო უნდა იყოს უგზოობის პირობებში და კარგი ასფალტზე. უფრო მარტივად, მან მომხმარებელთა ფართო სპექტრი უნდა დააკმაყოფილოს.
ცნობისათვის, წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი „დიფენდერი“ ბაზირებული არ იქნება ჩარჩო-სტრუქტურაზე. ის დაეფუძნება ახალ მონოკოკურ არქიტექტურას, რომლის კონსტრუქციაშიც უხვად არის გამოყენებული ალუმინი. ეს სიმსუბუქესა და გაზრდილ სიმტკიცეში აისახება, რაც ყველაზე მეტად, ავტომობილის საასფალტე თვისებებს გააუმჯობესებს. გარდა ამისა, ავტომობილს დამოუკიდებელი უკანა საკიდარი ექნება.

ახალი პლატფორმა (MLA - მოდულარ ლონგიტუდინალ არქიტექჩა, ანუ მოდულური გრძივი არქიტექტურა) ისეა დაპროექტებული, რომ მასზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ძალური დანადგარების გამოყენება. შიდაწვის ძრავების გარდა, მათ შორისაა ჰიბრიდული, პლაგ-ინ ჰიბრიდული და სრულად ელექტრული სისტემები.
ავტომობილი კვლავ კამუფლირებულ ფორმაშია და მართალია, ასე მისი უხეში ფორმებია ხაზგასმული, თუმცა ამ ეტაპზე, დიზაინის შესახებ გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია.
სხვათა შორის, „ლენდ როვერმა“ ახლახანს სასამართლო საქმე მოუგო ჩინურ კომპანია „ლენდვინდს“, რომელიც „რეინჯ როვერ ევოუკის“ კოპირებით ითბობდა ხელს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინური სასამართლო მსგავს საქმეში, უპირატესობას უცხოურ კომპანიას ანიჭებს და როორც ჩანს, ჩინური კოპირების პრობლემა მალე ამოიწურება. და „ლენდ როვერიც“ შესაძლოა დაუბრუნდეს თავისი სიახლეების წინასერიული პროტოტიპების ჩვენების პრაქტიკას. თუმცა ახალი „დიფენდერის“ შემთხვევაში ასე არ იქნება.
ახალი „დიფენდერის“ პრემიერა ამ წლის მეორე ნახევარში გაიმართება, სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე. ბაზარზე კი ის 2020 წლის დასაწყისში გამოვა.

No comments:

Post a Comment