„ლენდ
როვერ სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზმა“ ჯავშნიანი „რეინჯ როვერ სენტინელის“ უახლესი
ვერსია შეიმუშავა, რომელსაც უფრო მძლავრი ძრავი ემსახურება, არის უფრო დახვეწილი, აქვს
უგზოობის ავტომობილის საუკეთესო თვისებები და რაც მთავარია, მგზავრებს უახლესი
საშუალებებით იცავს.
ჯავშნოსნის
კაპოტქვეშ, V6 აგრეგატის ნაცვლად, 5.0-ლიტრიანი V8 განლაგდა, რომელიც მექანიკური
დამჭირხნის დახმარებით, 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი შეცვლილი ძრავის
სიმძლავრეზე 40 ცხენით მეტია. მისი მეშვეობით, იმის მიუხედავად, რომ ჯავშნიანი
ფირფიტებისა და შუშის გამო, ტონაზე მეტით დამძიმდა, ავტომობილი შესანიშნავი
მახასიათებლებით გამოირჩევა: ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 10.4 წამში
შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 193 კმ/სთ-ს აღწევს.
ჯავშნიანი
ავტომობილი, რომელიც უორვიკშირის ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული, მგზავრებს
შეუდარებელი დაცვით და უმაღლესი კლასის კომფორტით უზრუნველყოფს. მის საფუძველს
წარმოადგენს სპეცალური დაცული სეგმენტი, რომელიც ბალისტიკურ და ასაფეთქებლებისადმი
მედეგობის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. კორპუსი ისეა დაპროექტებული, რომ მგზავრებს
ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში იცავს.
შასი,
დაკიდების სისტემა, მუხრუჭები და სტაბილურობის ელექტრონული სისტემა ისეა
ოპტიმიზებული, რომ ავტომობილს შეენარჩუნებინა სტანდარტული „რეინჯ როვერისთვის“ დამახასიათებელი
დინამიკური მახასიათებლები. ამასთან, „სენტინელი“ უგზოობის პირობებში, ჯავშნიანი
ავტომობილებისთვის შეუდარებელი უნარით გამოირჩევა. ის თავისუფლად გადის ღრმაწყლოვან
მონაკვეთებს და მკვეთრ აღმართებს. ამაში კი სპეციალურად დამზადებული ბორბლები ეხმარება,
რომლებიც საბურავების დაზიანების შემთხვევაშიც კი, ავტომობილს 80 კმ/სთ სიჩქარით,
სულ ცოტა, 50 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს.
დაცულობის
გარდა, სალონი მგზავრებს უმაღლესი კლასის კომფორტს სთავაზობს. ინტერიერი
ეკიპირებულია „ლენდ როვერის“ უახლესი ინფოტაინმენტ სისტემით „ტაჩ პრო დუო“,
რომელშიც 10-დუიმიანი სენსორული, უმაღლესი გარჩევადობის ეკრანიც შედის.
ახალი „რეინჯ როვერ სენტინელის“ პირველი ჩვენება
ფარნბოროს (ბრიტანეთი) საერთაშორისო გამოფენების და კონფერენციების ცენტრში შედგა.
No comments:
Post a Comment