„იაგუარ
ლენდ როვერმა“ ახალი, მსუბუქ ჰიბრიდული აგრეგატი შეიმუშავა, რომლითაც პირველად
„რეინჯ როვერ სპორტის“ ვერსია HST აღჭურვა. ახალი აგრეგატის ძირითადი ნაწილია სრულიად
ახალი, სერია ინჯენიუმის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავი, რომელიც 395
ცხენის ძალას და 550 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ახალი
აგრეგატი ასევე ბენზინის, V6 ძრავს ცვლის. ის ორხვეულიანი ტურბო და ელექტროძრავიანი
მექანიკური დამჭირხნით არის აღჭურვილი, რომელთა ერთობლივი მუშაობაც პრაქტიკულად აბათილებს
ეგრეთ წოდებულ ტურბო ჩავარდნას. ელექტროძრავს, რომელიც მექანკურ კომპრესორთან არის
დაკავშირებული, კომპრესორის 120 000 ბრ/წთ-მდე აჩქარება შეუძლია. სწორედ ამის
წყალობით ხერხდება ტურბო ჩავარდნის აღმოფხვრა.
ჩაბერვის
სისტემის სრულყოფის წყალობით, ახალი ძრავი წინამორბედ V6-თან შედარებით, 12 პროცენტით
ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. იმავდროულად, 75 პროცენტით არის შემცირებული
გამონაბოლქვში მყარი ნაწილაკების შემცველობა.
ახალი
ტურბო სისტემის გარდა, ახალი აგრეგატი ასევე აღჭურვილია სარქველების მუდმივად
ცვალებადი ამწევით (CVVL), რომელიც შემშვები სარქველების გახსნის დროს ავტომატურად
არეგულირებს, რითაც ძრავის ეფექტურობას აუმჯობესებს.
აგრეგატის
შემადგენლობაში შევიდა კვების 48-ვოლტიანი სისტემა, რომელიც მოძრაობის პროცესში
ივსებს ენერგიას და ძირითად ძრავს დამატებითი მომენტით უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის
წყალობით, „რეინჯ როვერ სპორტ HST-ს“ 100 კილომეტრის კომბინირებულ რეჟიმში
გასავლელად, 9.3 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი
ატმოსფეროში 213 გრამ ნახშირორჟანგს ტოვებს.
„რეინჯ
როვერ სპორტ HSE-ს“ ძარა კარბონის
კომპოზიტისგან დამზადებული დეტალებით არის გაწყობილი. სალონი ეკიპირებულია ახალი
წინა სავარძლებით, რომლებიც 16 მიმართულებით რეგულირდება. ისინი წითელი და შავი
ტყავითაა გაწყობილი.
ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შევიდა უახლესი კრუიზ
კონტროლი, მაღალ სიჩქარეზე საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, ასევე „ლენდ როვერის“
სისტემა „ტერეინ რესპონს 2“.
No comments:
Post a Comment