„იაგუარ
ლენდ როვერმა“ 2018/2019 ფინანსური წლის (რომელიც დეკემბერში დასრულდა) მესამე
კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნულ სამთვიან პერიოდში, კომპანიამ 144 602
ავტომობილი გაჰყიდა. შედარებისთვის, წინა ფინანსური წლის იმავე პერიოდში,
გაყიდვების მოცულობა 154 447 ავტომობილი იყო.
ამერიკის
ბაზარზე რეკორდული გაყიდვების ფონზე, გლობალური გაყიდვების შემცირება, ჩინურ
ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ევროპის ბაზარზე, რომელიც 8 პროცენტით
შემცირდა, ბრიტანული კომპანიის გაყიდვები მცირედით გაიზარდა.
კარგად
იყიდება „იაგუარის“ უგზოობის მოდელი „E-პეისი“ და ელექტრომობილი „I-პეისი“, ასევე „რეინჯ
როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტ“. ბაზარი ასევე ახალი „რეინჯ როვერ ევოუკის“ მოლოდინშია,
რაც გაყიდვებზე უარყოფითად აისახება, რადგან ახალი მოდელის მოლოდინში, პოტენციური
მყიდველი ავტომობილის შეძენის გადავადებას ამჯობინებს.
მესამე
კვარტალში შემოსავალმა 6.2 მილიარდი სტერლინგი შეადგინა, გადასახადის გადახდამდე დანაკარგმა
273 მილიონ სტერლინგს მიაღწია. ჩინთში გაყიდვების კლების გარდა, ამის მიზეზი გახდა
ის გარემოებაც, რომ გაიზარდა ინვესტიციების ამორტიზაციის ხარისხი. გარდა ამისა, ფინანსურ
შედეგებზე ერთჯერადმა ფაქტორებმაც იმოქმედა. მათ შორისაა სავალუტო კურსის რყევები.
ყოველივეს მიუხედავად, კომპანია ინვესტიციებს არ იშურებს
ახალი ტექნოლოგიების (ელექტრიფიკაცია, ავტონომიური და კავშირის სისტემები და სხვა)
ათვისებასა და ახალი მოდლების შემუშავებაზე. ახლახანს შედგა მეორე თაობის „რეინჯ
როვერ ევოუკის“ პრემიერა, მალე კი კომპანია ახალ „დიფენდერს“ გამოუშვებს, რომელსაც
ბაზარი მოუთმენლად ელის.
No comments:
Post a Comment