Sunday, February 24, 2019

„ლენდ როვერის“ პლაგ-ინ ჰიბრიდები

ელექტრიფიცირებული ავტომობილები მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით კარგად ჰიბრიდები იყიდება, რომლებიც ელექტრომობილებისა და შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ერთგვარი კომპრომისული ვარიანტია. კომპანიებისთვის ჰიბრიდებს სხვა მნიშვნელობაც აქვს - მათი მეშვეობით, შესაძლებელი ხდება მათ მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში, ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობის შემცირება.

ამ ტრენდს „იაგუარ ლენდ როვერიც“ მიჰყვება, რომელმაც თავის მყიდველს უკვე შესთავაზა პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით (P400e) აღჭურვილი თავისი ორი ყველაზე მდიდრული მოდელი - „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“. მალე კი ამავე სისტემას მეორე თაობის „ევოუკზეც“ გამოიყენებს.
რამდენადაც პლაგ-ინ ჰიბრიდი ელექტრომობილის სახესხვაობაა (ის ელექტროძრავით გადაადგილდება), მისთვის ფასთან ერთად, მნიშვნელოვანი პარამეტრი, სვლის სიშორეცაა.
მდიდრული „რეინჯ როვერი“ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია პრემიურ სეგმენტში. და როცა P400e აგრეგატითაა აღჭურვილი, ქალაქის გარემოსთვის მეგობრულობითაც გამოირჩევა. მას მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, თითქმის 50 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც ყოველდღიური სარგებლობისას ხშირად სრულებით საკმარისია. და თუ მეტი მანძილია გასავლელი, მაშინ საქმეში შიდაწვის ძრავიც ერთვება, რომელიც გენერატორთან ერთად, ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.
ელექტრო და ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავების ჯამური სიმძლავრე 398 ცხენის ძალას აღწევს. მკვეთრად არის შემცირებული საწვავის მოხმარება - კომბინირებულ რეჟიმში ექსპლუატაციისას, ასეთ „რეინჯს“ 100 კილომეტრის გასავლელად 3.3 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 72 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. „რეინჯ როვერს“ P400e აგრეგატით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 6.4 წამში შეუძლია.
არანაკლებ შთამბეჭდავი მონაცემებით გამოირჩევა შედარებით პატარა და უფრო სპორტული „რეინჯ როვერ სპორტ P400e“. მისი სიმძლავრეც 398 ცხენის ძალაა. ისიც მარტო ელექტრო ენერგიის გამოყენებით, 50 კილომეტრს გაგატარებთ. 100 კილომეტრის გასავლელად, 3.2 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 71 გრამ ნახშირორჟანგს ტოვებს. ამ შემთხვევაში, სტანდარტული აჩქარებისთვის 6.3 წამია საკმარისი.

No comments:

Post a Comment