Tuesday, January 29, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ ტრანსფორმაციის პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ საკუთარი ტრანსფორმაციის (კოდური სახელწოდებით „დამუხტვა და აჩქარება“) მეორე ფაზა დაიწყო, რომლის მიზანიც, ხარჯების 2.5 მილიარდი სტერლინგით შეკვეცა, ფულადი ნაკადების მოწესრიგება და ეფექტურობის მისაღწევად საჭირო სხვა ღონისძიებათა განხორციელებაა.

ტრანსფორმაციის პროგრამის შესაბამისად, ბრიტანული კომპანია მის სამუშაო ძალას მსოფლიოს მასშტაბით 4 500 ადამიანით შეამცირებს.
„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი რალფ სპეტი ამბობს, რომ ტრანსფორმაციის პროგრამა არის აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ კომპანიამ გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდა გააგრძელოს, გაუმკლავდეს გეოპოლიტიკური მიზეზებით წარმოქმნილ პრობლემებს და დროულად აითვისოს საავტომობილო ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა თვითმავალი, კავშირზე მყოფი და ელექტრული დანდგარებით აღჭურვილი ავტომობილები და სხვა.
პროგრამა „დამუხტვა და აჩქარების“ ფარგლებში, კომპანიას განხორციელებული აქვს გაუმჯობესების სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულებაც 1 მილიარდ სტერლინგს შეაღწევს. ამ თანხის ნახევრის ათვისება კი მხოლოდ გასულ წელზე მოდის. ამ და მომავალში შესასრულებელი სამუშაოს მთავარი მიზანი, კომპანიის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაა.
კომპანიამ შარშან გლობალური ექსპანსია გააგრძელა. ამ ზრდის ნიმუშია უახლესი ქარხანა სლოვაკეთში, ასევე საინჟინრო ჰაბების შექმნა ირლანდიაში, უნგრეთსა და ბრიტანეთში (მანჩესტერი). მალე მორიგი მოდერნიზაცია ჩაუტარდება სოლიჰალის ქარხანას, სადაც ახალი თაობის „რეინჯ როვერს“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment