„იაგუარის“ პირველმა ელექტრომობილმა, ევრო NCAP-ის
უსაფრთხოების ქრეშ ტესტების შემდეგ, 5-ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.
უგზოობის ელექტრომობილმა ქულების 91 პროცენტი ზრდასრულ მგზავრთა დაცულობისთვის, 81
პროცენტი არასრულწლოვან მგზავრთა უსაფრთხოებისთვის და 81 პროცენტიც უსაფრთხოების
დამხმარე სისტემებისთვის მიიღო.
გარდა ამისა, „I-პეისმა“ ბარიერთან გვერდულად
შეჯახებისა და ბოძთან გვერდულად შეჯახების ტესტების შემდეგ, ქულათა მაქსიმუმი
დაიმსახურა. ორივე შემთხვევაში, ავტომობილის ყველა კრიტიკული ნაწილი, მგზავრთა
დაცულობას უზრუნველყოფს.
ამგვარად, „იაგუარის“ უგზოობის მოდელების ოჯახის
სამივე წევრს - E-პეისს, F-პეისს და I-პეისს, ევრო NCAP-ისგან მაქსიმალური,
5-ვარსკვლავიანი შეფასება აქვს მიღებული. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „იაგუარის“
უპირველესი საზრუნავი, მგზავრთა უსაფრთხოებაა. ამასთან, „იაგუარ ლენდ როვერისთვის“
„I-პეისი“ ზედიზედ მეათე ახალი ავტომობილია, რომელმაც ქრეშ ტესტების შემდეგ, 5
ვარსკვლავი დაიმსახურა.
„I-პეისის“ მსუბუქი, ალუმინისგან დამზადებული
სტრუქტურა, სიმტკიცის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს. სალონის გარდა, ის ელემენტების
ბლოკსაც იცავს, რომელიც ამავე სტრუქტურაშია ინტეგრირებული. ეს ყველაფერი, გრეხვითი
დატვირთვებისადმი უმაღლეს სიმტკიცეს უზრუნველყოფს, რომელიც გრადუსზე 36 კილონიუტონმეტრს
აღწევს.
ავტომობილის ტანის სტრუქტურის მაღალი სიმტკიცის
უზრუნველსაყოფად, „იაგუარმა“ ავტოინდუსტრიაში პირველმა დაიწყო ალუმინის ნაწილების
ჭედვით ფორმირება. გარდა ამისა, კომპანია პირველად იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც
ფორმირების შემდგ, თერმულ დამუშავებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ავტომობილზე გამოყენებულია
უსაფრთხოების ტექნოლოგიები, რომლების დანიშნულებაც, მგზავრების გარდა,
ტრავმებისგან ფეხმავლების დაცვაცაა. ასეთებია გასაშლელი კაპოტი და საგანგებო
დამუხრუჭების ავტონომიური სისტემა, რომლებსაც ფეხმავლების და ველოსიპედით
მოსიარულეთა დაფიქსირების უნარი აქვს.
გარდა
ამისა, „იაგუარმა“ სპეციალურად ელექტრომობილისთვის შეიმუშავა, რომელიც „I-პეისის“
დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ხმას გამოსცემს, რითაც ახლო მყოფებს მიახლოების
შესახებ აგებინებს. ხმის სიმძლავრე 56 დეციბელს აღწევს, რაც ახლო მანძილზე კარგ
აღქმას უზრუნველყოფს.
No comments:
Post a Comment