Friday, December 21, 2018

„ლენდ როვერის“ ტიზერი „დიფენდერის“ დებიუტის დროს გვამცნობს

„ლენდ როვერმა“ საშობაო არდადეგების წინ, ახალი „დიფენდერის“ შესახებ ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომლის მეშვეობითაც გვამცნობს, რომ ამ ავტომობილის პრემიერა 2019 წლამდე არ გაიმართება, 27 დეკემბერს კი მის შესახებ ახალ ინფორმაციას გაავრცელებს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ტიზერი დაბალი ხარისხის ფოტოა, რომელზეც ჩანს, რომ კამუფლაჟში გამოწყობილი „დიფენდერი“ ტრეილერის საბარგო სეგმენტში შედის. ადრე გავრცელებული მსტოვრული ფოტოების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ავტომობილი სამ და ხუთკარიანი ძარებით გადის საგზაო ტესტირებას. თავისი პროპორციებით, ის ალბათ პოპულარულ LR3-ს გაგახსენებთ.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, ახალი „დიფენდერი“ დაკუთხული ფორმებით გამოირჩევა და აქვს მცირე დახრის მქონე საქარე შუშა. ტესტირებისას ავტომობილი არამხოლოდ კამუფლაჟითაა გაფორმებული, არამედ მისი ძარის ნაწილებიც შეცვლილია.
კომპანია შენიღბვას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რათა კოპირების ჩინელ ოსტატებს, ახალი „დიფენდერის“ ასლის დამზადება გაუჭიანურდეთ. ამავე მიზეზით, ავტომობილს პირველივე ჩვენებაზევე მსოფლიო პრემიერა ექნება და მის წინასერიულ პროტოტიპს აღარ გვაჩვენებენ.
ახალი „დიფენდერი“ ბაზირებულია ახალ მოდულურ გრძივ პლატფორმაზე (MLA), რომელიც ძველზე მსუბუქიცაა და მტკიცეც. ავტომობილის მზიდი სტრუქტურის აგებულება ისეთია, რომ მასზე შესაძლებელი იყოს როგორც შიდაწვისძრავიანი, ასევე ჰიბრიდული, პოლაგ-ინ ჰიბრიდული და ელექტრული ვარიანტების აგება.

No comments:

Post a Comment