კომპანია „IHS მარკიტის“ (IHS
- ინფორმაციის მართვის სერვისი) ინფორმაციით, ახალი „დიფენდერი“ გახდება მეორე
ავტომობილი, რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი სლოვაკური ქარხანა
გამოუშვებს.
ახალი „დიფენდერი“ სამ და ხუთკარიანი ძარებით
გამოვა. ამჟამად ის საგზაო ტესტირების პროცესშია (ფოტოზე კამუფლირებულ ფორმაში),
ბაზარზე კი 2020 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს. წინა „დიფენდერების“ და პირველი „სერიზ
I-ის“ მსგავსად, ახალი ავტომობილიც უხეში ფორმებით იქნება გამორჩეული და უახლესი
ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
ახალი თაობის „დიფენდერის“ პრემიერა მომავალ წელს
უნდა გაიმართოს. და რამდენადაც, „ლენდ როვერი“ ჟენევის მოტორ შოუს გამოტოვებას
აპირებს, სავარაუდოდ, სიახლეს წლის მეორე ნახევარში ვიხილავთ.
სლოვაკეთის ქარხნის (ქალაქი ნიტრა) ერთ-ერთი
მთავარი არგუმენტია ის ფაქტი, რომ სოლიჰალის (ბრიტანეთი) ქარხანა, სადაც „ლენდ
როვერი“ 70 წლის წინათ დაიბადა, მაქსიმალურად არის დატვირთული. გარდა ამისა,
სლოვაკეთში მუშა ხელი იაფია და ახალი ქარხანა, უახლესი ტექნოლოგიებით არის
ეკიპირებული. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „ლენდ როვერი“ ამით ბრექსიტთან
დაკავშირებული პრობლემებისგანაც დაიზღვევს თავს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ახალი
„დიფენდერის“ კონკურენტუნარიანობას გამოადგება.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთის ქარხანა ოქტომბერში
გახსნა. მისი ნომინალური წლიური წარმადობა 150 000 ავტომობილია, მოდიფიკაციის შემთხვევაში
კი იქ წარმოების გაორმაგებაც არის შესაძლებელი. ამჟამად ნიტრაში მხოლოდ საშუალო ზომის
უგზოობის მოდელ „დისქავერის“ უშვებენ, რომელსაც ადრე სოლიჰალის ქარხანა
აწარმოებდა.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ უახლეს
მოდულურ პლატფორმაზე გამოუშვებს, რომელსაც კომპანია შემდგომში თავისი მოდელების
უმეტესობისთვის გამოიყენებს.
No comments:
Post a Comment