Friday, November 30, 2018

„იაგუარ I-პეისი“ ჟურნალ „BBC ტოპგირის“ წლის ელექტრომობილად დასახელდა

გამოცემა „BBC ტოპგირმა“ წლის საუკეთესო ელექტრომობილად „იაგუარ I-პეისი“ დაასახელა. ჟიურის შეფასებით, ეს არის „მშვიდობიანი, სწრაფი და ძალიან სტაბილური ავტომობილი“.

„I-პეისის“ დებიუტი 1 მარტს შედგა და მას შემდეგ ამ სპორტული ყაიდის ელექტრულ ქროსოვერს 21 პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა გამარჯვებები ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა: გერმანიის და შოტლანდიის წლის ავტომობილი, ასევე მსგავსი აღიარება პოპულარული გამოცემებისგან, როგორებიცაა „სანდ ტაიმსი“, „ავტო ექსპრესი“, „ავტოქარი“ და სხვა.
„იაგუარ I-პეისი“ აღჭურვილია კომპანიის მიერვე შემუშავებული ორი ელექტრო ძრავით, რომლებიც ჯამში 400 ცხენის ძალას და 696 ნიუტონმეტრს იძლევა. თითო ძრავი თითო ღერძს ემსახურება და შესაბამისად, ავტომობილი სრულ ამძრავიანია. მათი მეშვეობით, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, 4.5 წამი ჰყოფნის.
სწრაფი დასამუხტის მეშვეობით, ელემენტების ბლოკი 80 პროცენტით 40 წუთში ივსება. სტანდარტული დასამუხტი მოწყობილობით (რომელსაც იაგუარი აწარმოებს) კი სრულ დამუხტვას ათი საათი სჭირდება.
გარდა ამისა, ელექტრომობილი არაერთი უახლესი ტექნოლოგიით არის ეკიპირებული. მათ შორისაა ინფოტაინმენტ სისტემა „ტაჩ პრო დუო“, რომლის პროგრამების განახლებაც ავტომატურად ხდება და რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იყენებს იმისათვის, რომ მძღოლის განწყობა გამოიცნოს და სისტემები ამის შესაბამისად მომართოს.

No comments:

Post a Comment