Friday, November 23, 2018

ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“

„ლენდ როვერმა“ ლონდონში თავისი ლუქს კლასის უგზოობის კომპაქტურ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ მეორე თაობა წარმოგვიდგინა. ახალი „ევოუკი“ თავისი წარმატებული წინამორბედის სტილშია შესრულებული და იმავდროულად, „ველარის“ მომცრო ვერსიის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მათი წყალობით, მოსახერხებელია როგორც ქალაქის გზებზე, ასევე ცუდი გზებისთვისაც.


საშუალო რანგის „ველართან“ მსგავსებას, წვრილი ფარები და რადიატორის ვიწრო ცხაური განაპირობებს. უკანც ამ ორ მოდელს წვრილი ფარები ამსგავსებს. მაგრამ „ევოუკს“ უფრო მოკლე გადმონაშვერი აქვს, რაც მას უფრო მსუბუქად და სპორტულად წარმოგვიჩენს. ახალი „ევოუკის“ სილუეტისთვის კვლავ დამახასიათებელია დახრილი საქარე შუშა და დახრილი სახურავი, რომელსაც ზორბა ელერონი აბოლოებს.

რაც მთავარია, ახალი „ევოუკის“ ნამდვილ საფირმო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს 21-დუიმიანი ბორბლების დაბერილი თაღები, რისი წყალობითაც, ის უფრო „დაკუნთული“ იერითაც გამოირჩევა. ამ ეფექტს, წინა ბამპერის ორივე კიდეში განლაგებული დიდრონი ჰაერის ამღებებიც აძლიერებს, რომლებსაც ორ-ორი ჰორიზონტალური ტიხარი აქვს.

ახალი „ევოუკის“ სიგრძე 4 370 მილიმეტრია, რითაც ის პირველი თაობისგან თითქმის არ განსხვავდება. მაგრამ პრემიუმ ტრანსვერსულ არქიტექტურაზეა დაფუძნებული, რასაც სალონში მეტი ადგილის გამოთავისუფლება მოჰყვა. ბორბლებს შორის ბაზა დაგრძელდა, რისი შედეგიც ისაა, რომ უკანა სავარძლების მგზავრების მუხლებისთვის ადგილი 20 მილიმეტრით მეტია. ასევე გაიზარდა სალონში არსებული მცირე საბარგულების მოცულობებიც. უკანა საბარგულის მოცულობა 10 პროცენტით, 591 ლიტრამდე არის გაზრდილი და როცა უკანა სავარძლები იკეცება, მისი მოცულობა 1 383 ლიტრს აღწევს.


ახალი არქიტექტურა ისეა შემუშავებული, რომ ის ელექტრიფიკაციას მისადაგება. წარდგენისას, არჩევანში შედის საშუალო ჰიბრიდული დანადგარი, 12 თვის შემდეგ კი ამავე ავტომობილის პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიაც ხელმისაწვდომი გახდება. საშუალო ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილ მოდელს აქვს დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის აღდგენის ფუნქციაც. ამ საქმეს სტარტერ-გენერატორი აკეთებს, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც, ავტომობილის ძირში განლაგებულ ელემენტების ბლოკში გროვდება. ამ ენერგიის გამოყენება აჩქარებისას ხდება, რისი წყალობითაც, იზოგება საწვავი.
საწვავის ხარჯის შემცირების გარდა, „ევოუკი“ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობითაც გამოირჩევა. ყველაზე ნაკლებ CO2-ს (143 გრამს), სერია ინჯენიუმის 150-ცხენისძალიანი დიზელის ძრავით აღჭურვილი, წინა ამძრავიანი „ევოუკი“ გამოჰყოფს. საშუალო ჰიბრიდული აგრეგატის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 149 გრამია. ასეთი აგრეგატით აღჭურვილი მოდელი 100 კილომეტრს (NEDC-პროცედურის შესაბამისად) 5.6 ლიტრი საწვავით ფარავს. ამაზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები ექნება პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას.

ახალი „ევოუკი“ აღჭურვილია სრულ ამძრავიანი სისტემით, მეორე თაობის სისტემა „ექტივ დრაივლაინით“, „ადაპტივ დაინემიქსით“, რაც კომფორტის და შესაძლებლობების ფართო სპექტრის ოპტიმალურ ბალანსს უზრუნველყოფს. ტექნოლოგია „ტერაინ რისპონს 2“, რომელიც პირველად სრულგაბარიტიან „რეინჯ როვერზე“ გამოჩნდა, ავტომობილს გზის საფარის შესაბამისად მომართავს. ახალ „ევოუკს“ 600 მილიმეტრის სიღრმის გუბეზე გავლა შეუძლია (პირველი ევოუკისთვის ზღვარი 500 მილიმეტრია).
ეკიპირებაშია ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი საჭის დამხმარე სისტემით, რომელთა დახმარებითაც, ავტომობილი მოძრაობისას, მუდმივად ინარჩუნებს ზოლში ცენტრალურ პოზიციას და წინ მიმავალი ავტომობილისგან უსაფრთხო მანძილზე რჩება. დამხმარე სისტემებს შორისაა საგანგებო დამუხრუჭების და მძღოლის მდგომარეობის მონიტორის სისტემები.

ახალი „ევოუკი“ აღჭურვილია ელექტრონული სისტემებით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს იყენებს. მათი მეშვეობით, ავტომობილი სწავლობს მძღოლის თვისებებს და მათი გათვალისწინებით მოქმედებს. კერძოდ, მომართავს მის სავარძელს, კლიმატ კონტროლს, განწყობის შესაბამისად შეარჩევს სასურველ მუსიკას და ასრულებს ბევრ სხვა ფუნქციას. მაგალითად, საჭის სისტემა გადაჰყავს აქტიური მართვის, ან მაქსიმალური კომფორტის რეჟიმზე.

No comments:

Post a Comment