Monday, October 29, 2018

„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთში ახალი ქარხანა გახსნა

„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში თავისი უახლესი ქარხანა გახსნა, რომლის აშენებაზე და ეკიპირებაზე, 1.4 მილიარდი სტერლინგის ინვესტიცია გაიღო. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ გლობალური გაფართოების მიმართულებით გადადგა.

ეს მესამე ქარხანაა, რომელიც „იაგუარ ლენდ როვერმა“ ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა გახსნა. პირველი მათგანი 2014 წელს ჩინეთში, ერთობლივი კომპანიის სახელით ამუშავდა, მეორე კი 2016 წელს, ბრაზილიაში აშენდა. გარდა ამისა, ის ავტომობილებს კონტრაქტორი კომპანიების დახმარებით, ავსტრიასა (2017 წლიდან) და ინდოეთშიც (2011 წლიდან) აწარმოებს.
ნიტრას ქარხანაში უკვე დასაქმებულია 1 500 ადამიანი, რომელთა 98 პროცენტი სლოვაკია და 30 პროცენტი - ქალი. კომპანია შტატის გაფართოების მეორე ფაზას მალე დაიწყებს და მის ფარგლებში, დამატებით 850 ახალ თანამშრომელს აიყვანს. პირველი ფაზის დროს მიღებულმა თანამშრომლებმა, მომზადების 12-კვირიანი კურსი გაიარეს კომპანიის სატრენინგო ბაზაზე. მათ მომზადებაზე 7.5 მილიონი სტერლინგი დაიხარჯა.
ნიტრას ქარხანას 300 000 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია. მისი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 150 000 ავტომობილია. ქარხანამ გახსნამდე დაიწყო მუშაობა და პირველი „ლენდ როვერ დისქავერი“ სექტემბერში გამოუშვა. ქარხან პირველია ევროპაში, სადაც წარმოების ტექნოლოგია „კუკას პულსი“ გამოიყენეს. მისი მეშვეობით, კონვეიერულ წარმოებასთან შედარებით, ასაწყობილი ავტომობილების გადაადგილება დაახლოებით 30 პროცენტით სწრაფად ხდება. ქარხანაშივე მოქმედებს სამღებრო საამქრო, რომელიც ავტომატიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ის უმაღლეს ხარისხს და გარემოზე შემცირებულ ზემოქმედებას უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment