ავტომობილი, რომელსაც ამჟამად ბაზარზე ყველაზე
მეტად ელიან, არის „ლენდ როვერ დიფენდერი“. უკვე წელიწადნახევარია, რაც ბრიტანულმა
კომპანიამ წინა თაობის „დიფენდერის“ წარმოება შეწყვიტა. ახლის გამოშვებას კი მომავალი
წლიდან გეგმავს. „ლენდ როვერი“ იმედოვნებს, რომ წლიურად 100 000 ცალი ახალი „დიფენდერის“
გაყიდვას შეძლებს.
ახალი თაობის „დიფენდერი“ რადიკალურად შეიცვლება.
ის ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული, აქვს ახალი ძრავები, ინტერიერი, ეკიპირებულია თანამედროვე
ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, ავტომობილი სრულიად ახალ სტილში შესრულდება.
გამოცემა „ქარედვაისთან“ საუბრისას, „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარმა
აღმასრულებელმა რალფ სპეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დიზაინში ნაკლებად აღმოაჩენოთ
კუთხოვანი ფორმები, რითაც ეს ავტომობილი ყოველთვის გამოირჩეოდა.
უნდა ითქვას, რომ „ლენდ როვერს“ ახალი „დიფენდერის“
დიზაინი დამტკიცებული აქვს, თუმცა სპეტს არ სურს, რომ ინტრიგა შეინარჩუნოს და ის,
რაც ავტომოყვარულებს და ბაზარს ყველაზე მეტად აინტერესებს, საიდუმლოდ შეინახოს.
სპეტი ამბობს: „ამ ტიპის ავტომობილის
პროექტირებისას, შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო, რა დროსაც მხოლოდ მომავალზე უნდა
ვიფიქროთ და არა წარსულზე. ჩემი აზრით, საინტერესო მიდგომაა, როცა დიზაინს უცვლელს
ტოვებ (მერსედესის G-კლასს გულისხმობს) და უახლეს ტექნოლოგიებს იყენებ. მაგრამ
ჩემი აზრით, ეს მხოლოდ საქმის სანახევროდ გაკეთებაა. იმისათვის, რომ მიზანს
მივაღწიოთ, უკან ცქერა საჭირო არაა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც გარემოზე
ზემოქმედების კუთხით დავისახეთ და ამ მხრივ, მხოლოდ წინსვლას ვაპირებთ“.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მყიდველს ახალი „დიფენდერის“
რამდენიმე ვერსიას შესთავაზებენ. ეს ავტომობილი ორი განსხვავებული სიგრძის ბაზის
მქონე შასიზე აიგება, რომლებზეც სხვადასხვა ტიპის ძარები დამონტაჟდება. მათ შორის
იქნება პიკაპი. გარდა ამისა, გამოვა „დიფენდერის“ ლუქს კლასის შესაბამისად
გაფორმებული ვერსია.
რაც შეეხება აღჭურვილობას, მასში შევა ჰიბრიდული და
პლაგ-ინ ჰიბრიდული დანადგარებიც. სამაგიეროდ, ვერცერთი ვერსიის კაპოტქვეშ ვერ ნახავთ
V8 ძრავს. „იაგუარ ლენდ როვერი“ ხომ მრავალცილინდრიან ძრავებზე უარს ამბობს, რათა
მისი ავტომობილების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შეამციროს
No comments:
Post a Comment