„იაგუარ XE-ს“ და „იაგუარ SV პროჯექტ 8-ს“ საერთო
გენები აქვთ - მეორე პირველის ექსკლუზიური, უფრო სწრაფი ვერსიაა. ორივე ალუმინის
მსუბუქ სტრუქტურაზეა ბაზირებული, შესანიშნავი დინამიკით გამოირჩევა, რაშიც სრულ
ამძრავიანი სისტემა ეხმარება. „SV პროჯექტ 8“ მსოფლიოში უსწრაფესი სერიული სედანის
სტატუსსაც ფლობს, რაც ნურბურგრინგზე (გერმანია), ლაგუნა სეკასა (აშშ, კალიფორნია) და
შარადის (საფრანგეთი) ძველ ტრეკზე დაამტკიცა.
ამჯერად კი ბრიტანულმა კომპანიამ ორივე ავტომობილს
საერთო საჩვენებელი გამოსვლა მოუწყო. ასპარეზად უელსის ქვიშიანი სანაპირო პენდაინ
სანდსი შეირჩა, რომელსაც სიჩქარის მოყვარულები უკვე 100 წელია, იყენებენ.
სანაპირო ზოლზე „XE 300 სპორტმა“ და „SV პროჯექტ 8-მ“
ერთობლივად დნმ-ის 1-კილომეტრიანი გამოსახულება დახაზეს და ხაზვისას საკუთარი მანევრულობა
და დინამიკა სრულად გამოავლინეს.
„იაგუარ XE 300 სპორტი“ აღჭურვილია სერია ინჯენიუმის
2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც 300 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს იძლევა.
ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი ავტომტური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. მათი
მეშვეობით, სპორტულ სედანს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 5.7 წამში შეუძლია.
„SV პროჯექტ 8“ კომპანიის სპეციალური პროექტების შტო
SVO-ს მიერ არის შემუშავებული. მის კაპოტქვეშ 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატი განლაგდა, რომელიც
600 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარეს 3.7 წამში აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 322 კილომეტრია.
No comments:
Post a Comment