Saturday, September 29, 2018

„იაგუარი“ მოდელ XJ-ს 50 წლის იუბილეს პარიზის მოტორ შოუზე აღნიშნავს

„იაგუარი“ წელს თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელის, ლუქს კლასის ფლაგმან სედან XJ-ს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის ქესტლ ბრომვიჩის ქარხნიდან, სტარტს აიღებს კოლონა, რომელშიც XJ-ს რვავე თაობის მოდელი შევა. კოლონას რამდენიმე გაჩერება ექნება და 839 კილომეტრის გავლის შემდეგ, პარიზში ჩავა, სადაც დიდ საავტომობილო შოუში მიიღებს მონაწილეობას.

1968 წელს, სწორედ პარიზის მოტორ შოუზე დაიწყო ამ პრესტიჟული ავტომობილის ისტორია, რომელიც თავიდან „სერიზ I-ის“ სახელით გამოდიოდა. რვა თაობის გარდა, კოლონაში ასევე რამდენიმე გამორჩეული მოდელი შევა, როგორებიცაა „სერიზ II კუპე“ და X350 XJR.
კოლონა ქესტლ ბრომვიჩიდან, „იაგუარ კლასიკში“, ბიჩესტერის მემკვიდრეობის ცენტრში და გუდვუდის ტრეკზე შეივლის, საიდანაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებს. პარიზამდე რა თქმა უნდა, სარტეში ლე მანის ტრეკს ეწვევა, რომელსაც XJ-ს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
კოლონაში შემდეგი მოდელები შევა: „იაგუარ სერიზ I“ (1968 წელი),  „იაგუარ სერიზ II“ (1973 წელი), „იაგუარ სერიზ II კუპე“ (1973 წელი), „იაგუარ სერიზ III“ (1979), „იაგუარ XJ40“ (1986), „იაგუარ X300“ (1994), „იაგუარ X308“ (1997), „იაგუარ X350“ (2003), „იაგუარ X351“ (2009), „იაგუარ R575“ (2017) და „იაგუარ XJ50“ (2018).
პარიზის 1968 წლის მოტორ შოუზე „სერიზ I-ის“ წარდგენა, თვით „იაგუარის“ დამაარსებელმა, სერ უილიამ ლაიონსმა ჩაატარა. მან განაცხადა, რომ ეს არის მისი ხედვა სედანისა, რომელსაც „E-ტაიპის“ მართვადობა აქვს. ავტომობილი ასევე თავისი დახვეწილი სტილით გამოირჩეოდა. ეს თვისებები მის რვავე თაობას ახასიათებს.
„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანის ნახევარსაუკუნვან იუბილესთან დაკავშირებით, აპრილში გამოუშვა XJ50, რომელსაც რამდენიმე განმასხვავებელი სტილური ელემენტი გამოარჩევს. საიუბილეო ვერსია არის როგორც სტანდარტული, ასევე გრძელი ბაზით. ის აღჭურვილია ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 340 ცხენის ძალას იძლევა, ან 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელით, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment