Saturday, September 15, 2018

„იაგუარ XE SV პროჯექტ 8-ს“ სიჩქარის ახალი რეკორდი


„იაგუარის“ ოთხკარიანმა სუპერ ავტომობილმა, „XE SV პროჯექტ 8-მ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უსწრაფესი ოთხკარიანი მოდელია. ავტომობილმა, რომლის განკარგულებაშიც 600 ცხენის ძალაა და რომლის საჭესაც ამერიკელი ავტომრბოლი და გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ჟურნალისტი მართავდა, ლაგუნა სეკას (მონტერეი, კალიფორნია) 3.603-კილომეტრიანი ტრეკი 1 წუთსა და 37.54 წამში გაიარა, რითაც თავისი კლასის წინა რეკორდს თითქმის წამი მოაკლო.

„XE SV პროჯექტ 8“ ბრიტანული კომპანიის ყველაზე ექსტრემალური ავტომობილია, რომელსაც სუპერ ავტომობილების მახასიათებლები აქვს. „იაგუარ ლენდ როვერ სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზის“ ინჟინრებმა ის რამდენიმე ცნობილ ტრასაზე (მათ შორის, ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე) ტესტირებისას დახვეწეს. ამ სედანმა თავისი პირველი რეკორდი სწორედ ნორდშლაიფზე (20.8 კილომეტრი) დაამყარა, რომელიც 7 წუთსა და 21.23 წამში გაიარა.
სრულამძრავიანი „XE SV პროჯექტ 8“ აგებულია „იაგუარის“ სპორტულ სედან XE-ს ალუმინის მსუბუქი მონოკოკური სტრუქტურის შასის ბაზაზე. ბრიტანულმა კომპანიამ ის მხოლოდ 300 ცალი დაამზადა. SV-ს (სპეშლ ვიიქლზ) ქოვენთრის ტექნიკური ცენტრის ინჟინრებმა მოდიფიკაცია ჩაუტარეს 5.0-ლიტრიან მექანიკურდამჭირხნიან V8 ძრავს და სპეციალურად მისთვის შეიმუშავეს უკანა დიფერენციალი. ძრავთან წყვილში ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს. ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე (ელექტრონიკით არის შეზღუდული) კი საათში 320 კილომეტრს აღწევს.

No comments:

Post a Comment