„იაგუარი“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილ „I-პეისის“ თიხის სამუშაო მოდელს, რომლის გამოყენებითაც დიზაინერებმა ქროსოვერის ფორმა შეიმუშავეს, დანდიში (შოტლანდია) დიზაინის მუზეუმის გახსნაზე გამოფენს.
კომპანიის დიზაინის შეფ იან ქალუმის
ხელმძღვანელობით შექმნილი თიხის სამუშაო მოდელის პირველი ჩვენება 15 სექტემბერს
გაიმართება. მასზევე დამთვალიერებლებს თიხის მოდელზე მუშაობის პროცესს და მის
თავისებურებებს აღუწერენ.
„საავტომობილო დიზაინი წარმოუდგენლად რთული საქმეა.
დიზაინზე მუშაობის მეტი წილი ციფრული ტექნოლოგიებით სრულდება, თუმცა თიხის
მოდელებზე მუშაობა კვლავაც მნიშვნელოვანია. ასე გვეძლევა შანსი, ავტომობილის ფორმა
რეალობაში პირველად ვნახოთ. ბავშვობაში, ჩემზე სწორედ „იაგუარმა“ იქონია ჩემზე
ზეგავლენა და სწორედ მისი შთაგონებით გადავწყვიტე, ამ კომპანიის ავტო დიზაინერი
გავმხდარიყავი. და გამიმართლა, რომ ოცნება ავიხდინე“, - ამბობს ქალუმი და დასძენს:
„შოტლანდიას დიზაინის ხელოვნებაში დიდი ისტორია
აქვს და დანდის მუზეუმი ფანტასტიკურ შესაძლებლობას იძლევა, ეს ისტორია გლობალური
მასშტაბით წარმოვაჩინოთ. როგორც შოტლანდიელისთვის, ჩემთვის დიდი პატივია,
მონაწილეობა მივიღო ამ ახალი მუზეუმის გახსნაში და იმედი მაქვს, ჩვენი „I-პეისის“
საგამოფენო ექსპონატი, დიზაინის ახალი ტალანტების შთაგონების წყარო გახდება“.
„იაგუარმა“ თავისი პირველი ელექტრომობილი ორი
ელექტრო ძრავით აღჭურვა, რომელიც მის მიერვე არის შემუშავებული. ერთი მათგანი წინა
ღერძს ემსახურება, მეორე კი უკანას. მათ ელექტრო ენერგიით ლითიუმ-იონური
ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 90 კილოვატსაათია. ეს კი ერთი
სრული დამუხტვით, 475 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. ელექტრო ძრავების
ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 696 ნიუტონმეტრი. ეს
ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ ოთხივე წამყვანმა ბორბალმა, ავტომობილი
ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში ააჩქაროს.
No comments:
Post a Comment